მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული 195 მილიონის ხელფასები გასცა

630a3c40b5645
შოთა ტყეშელაშვილი
27.08.22 19:45
2758
საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2022 წლის პირველ ნახევარში 195 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 42 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ აიპში. თუმცა შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ის, რომ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად მზარდია.

შტატგარეშეებთან ერთად გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. 2022 წლის პირველ ნახევარში მათზე ჯამში 865.7 მილიონის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 63 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113 ათასი ადამიანი ხელფასის სახით ჯამში 1.83 მილიარდ ლარს აიღებს.

აგვისტოს დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო და კერძო სექტორების ანაზღაურებებს შორის სხვაობა უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც 2026 წლამდე, სახელმწიფო მოხელეთა ანაზღაურებები წლიურად 10%-ით გაიზრდება.

ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები 2022 წელს 10%-ით უკვე გაზარდა, რაც საბაზო ხელფასის 1,100 ლარამდე გაზრდით მოხდა.

საქართველოს საჯარო სექტორი მთლიანობაში 301,000 ადამიანს ასაქმებს, აქ შედიან როგორც საჯარო მოხელეები ასევე, შტატგარეშე მოხელეები და სხვა დასაქმებული პირები. საჯარო სექტორში შედის 60,000-მდე პედაგოგიც, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან, ასევე ათასობით ადამიანი, რომლებიც მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა სსიპ-ებსა და აიპ-ებში არიან დასაქმებული. საგულისხმოა ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აქვეყნებს ჯამურ მონაცემს თუ რამდენი მილიარდი ლარი იხარჯება საჯარო სექტორში დასაქმებული 301,000 ადამიანის ხელფასზე და სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ სამინისტროებსა და ძირითად სსიპ-ებში დასაქმებულთა (113,000 პირის) ხელფასებს აღრიცხავს.