მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და მარკირების ოპერატორ SICPA-სთან ხელშეკრულება გახანგრძლივდა

5fe4ab8473e35
ელენე გოგბერაშვილი
25.12.20 09:00
975
არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით 2012 წელს განისაზღვრა. ეს წესი ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქციის მიმოქცევის შემცირებას ისახავდა მიზნად, თუმცა ბიზნესს აკისრებდა დამატებით ხარჯს - მოეხდინათ საკუთარი პროდუქციის მარკირება. ეს წესი 2013 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სექტორის პროტესტის შედეგად ის რამდენიმე წლით გადავადდა და საბოლოოდ 2016 წლიდან კომპრომისული სახით ამოქმედდა, რადგან ფინანსთა სამინისტრომ დროებით მარკირების საფასურის გადახდა საკუთარ თავზე აიღო.

მეხუთე წელია საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად მილიონობით ლარს უხდის მარკირების ოპერატორ შვეიცარულ კომპანია SICPA-ს. ამ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურებოდა, თუმცა, როგორც BM.GE-სთვის გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობამ SICPA-თან გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით, 2021 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.

სატელეფონო საუბარში "SICPA საქართველოს" ხელმძღვანელი გიორგი ჯიქია ამბობს, რომ კონტრაქტი გაგრძელდა იმიტომ, რომ სახელმწიფომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ხელშეკრულებით SICPA-ს წლის განმავლობაში მილიარდზე მეტი მარკირება უნდა განეხორციელებინა, რაც რაოდენობრივად ვერ შესრულდა, შესაბამისად SICPA-მ ვერ მიიღო ის საფასური, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტი, რომ ხელშეკრულებით სახელმწიფოს SICPA-თვის 1000 ერთეულზე მარკირებისთვის 5 ევრო უნდა გადაეხადა, თუმცა დღეს გაცილებით ნაკლებს იხდის. ამას ადასტურებს თავად SICPA-ს ხელმძღვანელიც.

„ცოტას იხდის სახელმწიფო დანამატის სახით. 5-7 ათასი ლარის ფარგლებში იხიდის თვეში, რაც 60-70 ათასი ლარის ფარგლებში გამოდის წლიურად“-აცხადებს ჯიქია.

კერძო სექტორში ამბობენ, რომ 5 ევროს ნაცვლად სახელმწიფო იხდის 10 ლარს 1000 ერთეულის მარკირებაზე, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნახევარია.

რატომ ხდება ასე და რით აბალანსებს სახელმწიფო SICPA-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს ჩვენთვის, უცნობია. მარკირების საფასურის ანაზღუარების სქემის შესახებ BM.GE-ს გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან და მოგვიანებით სავარაუდოდ, გვეცოდინება ამის შესახებ.

რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესი დღესაც ფიქრობს, რომ სახელმწიფოსა და SICPA-ს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები კაბალურია და მარკირების ადმინისტრირება გაცილებით იაფად შეიძლება განხორციელდეს, ვიდე ეს დღეს ხდება.

„ყველა ორგანიზაციას აქვს თანამედროვე ხაზები. შეგვიძლია შემოსავლების სამსახურს დავაკავშიროთ ჩვენი მთვლელი ან გავაკეთით პოსტი, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღრიცხონ და ჩაიბარონ ყველა გამოშვებული პროდუქცია. ასევე არსებობს rs.ge-ს პროგრამა, სადაც ხდება რეალიზაციის დაფიქსირება და შეუძლიათ ნებისმიერ დროს ნახონ რა დევს მანქანაზე. იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარესთანაც გააქტიურებენ მიმღების ღილაკს ზედნადებზე, რომ მან თავის მხრივ დაადასტუროს, რომ მიღება განხორციელებულია, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მანქანის გაჩერება და იმის დათვლა, თუ რა დევს. ეს მექანიზმები გვაქვს. დამატებით რომ ვმარკოთ, ეს არის დამატებითი ხარჯი, რომელსაც ეკონომიკური ეფექტი არ ექნება. ან სისტემა შეიძლება დაგვჭიდრეს, რომ გავაკეთოთ ერთად. გაცილებით იაფად შეგვიძლია ეს საქმე მოვაგვაროთ, ვიდრე SICPA-თან ასეთი გაურკვეველი ხელშეკრულებები ვახანგრძლივოთ“-აცხადებს კომპანია "კასტელის" წარმომადგენელი, გოგა ახალაძე.

ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად კერძო სექტორში ამბობენ იმასაც, რომ მარკირების განხორციელება 10-ჯერ უფრო იაფი შეიძლება იყოს, ვიდრე დღეს ამაში სახელმწიფო იხდის. ბიზნესი მთავრობას გამჭვირვალე ტენდერის გამოცხადებას ურჩევს.

„ჩვენს სისტემაზე უკვე დგას ამ ტიპის აღმრიცხველები. ძალიან მარტივი დეველოპმენტი და მანიპულირებით შეგვიძლია შევაერთოთ ჩვენი სისტემები შემოსავლების სამსახურის სისტემებთან, რომ პირდაპირი, ონლაინ წვდომა ჰქონდეს იმ რაოდენობაზე, იმ მარკირებაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

იმ შემთხვევაში, თუ გამოაცხადებს ღია და გამჭვირვალე ტენდერს და არა ერთ პირთან მოლაპარაკებას, როგორც 2011 წელს ჰქონდა, დამერწმუნეთ უფრო უკეთესი ხარისხის და უფრო შეღავათიანი, იაფი სერვისის მიღება შეიძლება“-აცხადებს "ნატახტარის" კორპორატიული დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

როგორც "კასტელის" წარმომადგენელი გვეუბნება, ყოველწლიურად სახელმწიფო მარკირების ოპერატორ კომპანია SICPA-ს დაახლოებით 5-დან 7 მილიონ ლარამდე უხდის. რა მექანიზმზე შეჯერდება ბიზნესი და სახელმწიფო მას შემდეგ, რაც SICPA-თან ხელშეკრულება ამოიწურება, ჯერ უცნობია. ბიზნესს აქვს ალტერნატიული წინადადებები და სავარაუდოდ, ამაზე მსჯელობა უკვე მომავალ წელს გაგრძელდება.