მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას არბიტრაჟებში იურისტების დაქირავება ბოლო 10 წელში 161 მლნ ლარი დაუჯდა

61c5e971668b6
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.21 21:00
742
BMG-იმ იუსტიციის სამინისტროსგან ბოლო 10 წლის განმავლობაში დაწყებული ყველა საარბიტრაჟო დავის შესახებ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, მათ შორის დავაში მოსარჩელე მხარის ვინაობა, დავის შედეგი წააგო/მოიგო თუ მორიგებით დასრულდა დავა (თუკი დასრულებულია დავა). ასევე ის თუ რა ფინანსური შედეგი დადგა თითოეულ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის და რა დაუჯდა სამინისტროს დავებში იურისტების დაქირავება.

იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის მოწოდების 10-დღიან ვადას გადააჭარბა და სექტემბრის ბოლოს გაგზავნილ კითხვებზე პასუხი და ისიც არასრული სახით 21 დეკემბერს გამოაგზავნა. ამ პასუხიდან ირკვევა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში საქართველომ მიმდინარე დავებში იურისტების დაქირავებაზე 161 მილიონი ლარი დახარჯა. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, უკანასკნელ წლებში ყველაზე მეტად, საქართველოს ამ დავებში Dechert (Paris) LLP-ის და White & Case LLP-ის ; SHEARMAN & STERLING LLP-ის; MG Law Office LLC-ის და სხვა იურიდიული ფირმების მომსახურებას ყიდულობდა. 

გუშინ, იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა შეტყობინება, რომ 2022 წელს საარბიტრაჟო და საერთაშორისო დავებში იურისტების დაქირავებაზე 40 მილიონ ლარს დახარჯავს. იურიდიულ მომსახურებას სახელმწიფო გამარტივებული წესით ყიდულობს. 

საარბიტრაჟო დავების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში შედარებით მეტი ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ 6 დავის შემთხვევაში, დანარჩენ დავებზე კი სამინისტრო უთითებს, რომ ეს ინფორმაცია “კონფიდენციალურია” და მათ მოსარჩელე მხარეებს ვერ დაასახელებს. ანუ უწყება აცხადებს რომ დავა არსებობს, თუმცა, ვისთან ეს უცნობია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ზოგიერთი დავა, რომელზეც სამინისტრო აცხადებს, რომ “კონფიდენციალურია” და უწყება ვერ დაასახელებს მოსარჩელე მხარის ვინაობას, სინამდვილეში თავად საარბიტრაჟო ტრიბუნალის ვებგვერდზე პირდაპირ არის გამოქვეყნებული. მაგალითად, ასეთია დავა რომელიც 2012 წლის ზაფხულში მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო. ეს დავა არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდგომ შეწყდა და მისი მიმდინარეობის შესახებ ICSID-ის ვებგვერდზე საჯაროდ არის გამოქვეყნებული. თუმცა, იუსტიციის სამინისტრომ ეს დავა არ შეიყვანა “საჯარო” დავების სიაში.

6 საჯარო დავის გარდა, სადაც მომჩივანი მხარეების სახელებია მითითებული, იუსტიციის სამინისტროს პასუხი მოიცავს 18 სხვა დავასაც, რომლებიც 2005-2021 წლებში დაიწყო. მთლიანობაში აღნიშნული დავებიდან 10 დავა მიმდინარეა, 2 დავა დასრულდა ქართული მხარის საწინააღმდეგოდ, 4 დავა დასრულდა მორიგებით, 3 დავაში მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო, 3 დავაზე კი მოსარჩელეებმა დავის პროცესი მიატოვეს.

ყველაზე მეტი - 5 დავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 2020 წელს დაიწყო. მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული ორი დავა და ასევე დავა კავკასუს ონლაინის ინვესტორს Neqsol ჯგუფის დამფუძნებელ ნასიბ ჰასანოვსა და საქართველოს შორის.

ყველაზე მეტი - 10 სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) იყო შეტანილი. ხუთი დავა შეტანილი იყო მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID), ორი დავა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტში (SCC), 4 დავა მიმდინარეობს/ მიმდინარეობდა გაერო-ს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) წესების შესაბამისად.

საკმაოდ დიდია საინვესტიციო დავების წაგების მონეტარული ფასიც. 23 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით, საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა.

იუსტიციის სამინისტრომ დავის წაგების შესახებ ინფორმაცია 1 დეკემბერს დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი გაუქმებისთვის სტოკჰოლმის სასამართლოში იდავებს.

მიმდინარე დავებს მალე შესაძლოა კიდევ ერთი დავაც შეემატოს, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი “ნამახვანჰესის” ინვესტორი ENKA საერთაშორისო არბიტრაჟში მიმართვას გადაწყვეტს.