17.აგვისტო .2019 14:42

მთავრობას „კონტი ჯგუფის“ გარეშე, კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის წარმატებით აშენებაში ეჭვი ეპარება

views 408
უკან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის ღრმაწლოვან პორტთან დაკავშირების განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმისგან „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებელი „სტრატეგიული ინვესტორის“ წარდგენას ითხოვს.

„საყურადღებოა რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" განცხადება "კონტი ჯგუფის" პროექტიდან გასვლის თაობაზე გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ოფიციალური მიმართვით მოუწოდა კონსორციუმის ყველა დამფუძნებელს, მათ შორის "კონტი ჯგუფს", პროექტის დაფინანსების კუთხით არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, მეტი მხარდაჭერისა და ჩართულობისაკენ.

ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას.

ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მაგალითზე.

სწორედ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების არაერთჯერადი გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღემდე არ აქვს მოზიდული საკუთარი კაპიტალი, არ აქვს წარდგენილი ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები და არ აქვს მიღწეული შეთანხმება ბანკებთან სესხის მიღების თაობაზე.

ამდენად, მოვუწოდებთ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფის" ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ კონსორციუმი შეძლებს კიდევ ერთი ვადის დაცვას და წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტს 2019 წლის ბოლომდე შეათანხმებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

„ასევე, ვიმედოვნებთ რომ 2019 წლის 15 ოქტომბრისთვის კონსორციუმი წარმოადგენს ბანკებთან საბოლოოდ შეთანხმებულ სესხის პირობებს, კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსებაში მონაწილე ინვესტორებთან მიღწეულ შეთანხმებებს, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის - პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო 520 მილიონი დოლარით დაფინანსების ხელმოწერილ ხელშეკრულებებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა