მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ლარის გაუფასურების გამო საგარეო ვალის მომსახურება 43 მილიონით გაუძვირდა

5d88f7ea1287d
შოთა ტყეშელაშვილი
23.09.19 21:10
1145
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირების გეგმა წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის ხარჯების 223 მილიონი ლარით ზრდა არის დაგეგმილი.

ბიუჯეტის პროექტისთვის თანდართულ განმარტებით ბარათში წერია, რომ სახელმწიფოს საგარეო ვალის მომსახურება წელს 1,273,000,000 ლარი დაუჯდება, რაც ბიუჯეტის მოქმედ კანონთან შედარებით 43 მილიონი ლარით მეტია. 

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საგარეო ვალის მომსახურების ღირებულების ზრდის ძირითად მიზეზს ლარის გაუფასურება წარმოადგენს:

"საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა იზრდება 43.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 273.0 მლნ ლარით. დამატებითი რესურსის გამოყოფის საჭიროება მათ შორის გამოწვეულია ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით", - ნათქვამია დოკუმენტში.

ბიუჯეტის პროექტში ასევე წერია, რომ საგარეო ვალის მომსახურების ზრდასთან ერთად, წელს შიდა ვალის მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 6 მილიონი ლარით შემცირდება. 

"საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 6.0 მლნ ლარით (ეკონომია წარმოიქმნა საპროცენტო განაკვეთების შემცირებიდან გამომდინარე) და შეადგენს 318.0 მლნ ლარს,"- წერია განმარტებით ბარათში. 

ჯამურად, ცვლილებების შემდეგ 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯები 13,313,100,000-ის ტოლი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა განათლების სამინისტროს ბიუჯეტს შეეხება და ის წლის ბოლომდე 131 მილიონი ლარით გაიზრდება.