მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას მოვუწოდებ, მართვის სისტემაში ბიზნესის მოდელი შემოიღოს - თამაზ დაუშვილი

62334cb8657df
ანუკა ჯოხაძე
17.03.22 20:45
874
2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯები გაიზარდა. საუბარია სამთავრობო აპარატის შენახვისთვის გადახდილ ხარჯებზე, მათ შორის შტატიანი და შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებებზე. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რაც 2021 წლის 9 თვის ხარჯებს ასახავს, აღნიშნულია, რომ მთავრობაში დასაქმებულთა ხელფასები 1.2 მილიარდი ლარი იყო, რაც 84 მილიონით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო შტატგარეშეთა ანაზღაურებები, რაც 2021 წელს 246 მილიონი იყო, 2020-ში 202 მილიონ ლარს შეადგენდა.

სახელმწიფო აპარატის სიდიდესა და მისი ოპტიმიზაციის საჭირობაზე BM.GE-თან ბიზნესის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. როგორც კომპანია "დიო"-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, საჯარო სექტორში დასაქმებულების არასათანადოდ დიდი რაოდენობა ეფექტიანი მუშაობის საშუალებას არ იძლევა.

მისი თქმით, ბიზნესის პოზიციაა, რომ ამ კუთხით არსებული ხარჯები გადაიხედოს და სახელმწიფომ საბიუჯეტო სახსრებს არა როგორც გასახარჯ თანხას შეხედოს, არამედ მოუფრთხილდეს და მიზნობრივი საჭიროებების მიხედვით განკარგოს.

“ბიუჯეტში ბოლო პერიოდში ბიუროკრატიული ხარჯები საკმაოდ გაიზარდა, რაც, ჩემი აზრით, არ არის სწორი. აქ ვხედავთ პოლიტიკა, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო მოხელე არსებობდეს, რათა არჩევნების წინ მათი გარკვეული მიზნებით მობილიზება მოხდეს. არ არის სწორი და სამართლიანი, როცა ბიზნესი და მოქალაქეები ყოველდღიურად ვმუშაობთ და ვიხდით გადასახადებს და ასე ადვილად ხდება ამ გადასახადების განკარგვა. ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ეს პოლიტიკა იყოს გადახედილი და მივაღწიოთ ე.წ მცირე მთავრობის მასშტაბებს. მცირე მთავრობის მასშტაბი აპრობირებულია აღმოსავლეთ ევროპაში.

შეიძლება იქ ხელფასებია მაღალი ვიდრე ჩვენთან, მაგრამ დასაქმებულთა რაოდენობა არის მცირე. ეს არის ეფექტური მართვა. ნებისმიერი ბიზნესი ასე არის მოწყობილი, მას ურჩევნია ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი პერსონალი და მცირე რაოდენობა, ვიდრე ბევრი და დაბალანაზღაურებადი. მოვუწოდებ მთავრობას, რომ ბიზნეს დამოკიდებულება შემოიღოს მართვის სისტემაში და მიუდგეს ბიუჯეტის ფულს არა როგორც დასახარჯ და ასათვისებელ თანხებს, არამედ პირიქით გასაფრთხიელებელ სახსრებს, ეფექტურად მოიხმაროს და განკარგოს ის", - ამბობს კომპანია “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი.