22.აპრილი .2020 12:20

მთავრობას პარლამენტის გარეშე ბიუჯეტის 5%-ის დახარჯვის უფლებას არ მივცემთ - გოცირიძე

views 341
უკან

ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილების მხარდაჭერას არ აპირებს. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება.

"რატომ წარადგენთ პარასკევს ეკონომიკურ გეგმას და არა დღეს? რაიმე წყდება ამ ორ დღეში? ყოფილიყო დღეს წარმოდგენილი და თუ მოგვეწონებოდა და ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, რას უპირებდით ეკონომიკას და სახლში გამოკეტილ მილიონობით უმუშევრად დარჩენილ ადამიანს. ჩვენ ვერ გავიგეთ ამ ერთი თვის განმავლობაში რას აპირებდა მთავრობა. კიდევ უფრო დიდი ეჭვები გაჩნდა, როდესც ჩვენ მთავრობის პოზიცია მოვისმინეთ. თურმე ბიუჯეტის წარმოდგენასაც არ აპირებთ, არათუ გეგმის. იქნება პროექტი, რაღაცა იდეების მონახაზი. ეს იდეები მოვისმინეთ ჩვენ და სამწუხაროდ, ამ იდეების დიდი ნაწილი იყო პროპაგანდისტული. მაგალითად, პრემიერის განცხადება, რომ მილიარდ ნახევარი შემოვა წლის ბოლომდე და ათჯერ გაიმეორა უცხოური დახმარება.

საქართველოს დაეხმარებიან უცხოეთში ჩვენი პოზიციიდან და მდგომარეიბიდან გამომდინარე, მით უმეტეს, ჩვენ ვართ ასოცირების შეთანხმების წევრი ქვეყანა და ჩვენ მეტ დახმარებას მივიღებთ, ვიდრე სომხეთი და დავუშვათ, იგივე აზერბაიჯანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლების დამსახურება და იტყუებით 3 მლრდ-ზე. 5 მლრდ არის 1,5 მლრდ დოლარი წლის ბოლომდე და აგერ სავალუტო ფონდმა განაცხადა ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდებაო 6%-ით, 2,5%-ია ახლა და 8,5% გახდება. ელემენტარულად, აქედან თუ დავთვლით 3 მლრდ თუ იქნება ბიუჯეტში წელს შემოსულობები, ეს არის დაახლოებით 900 მლნ ლარი, რატომ მოიტყუეთ 600 მლნ დოლარი?ეს გაამრავლეთ 3-ზე და ეს არის 2 მლრდ. არ გენდობით თქვენ", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ისინი არ აპირებენ ასევე მხარი დაუჭირონ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის გარეშე მთავრობისთვის ბიუჯეტის 5%-ის დახარჯვის უფლების მინიჭებას გულისხმობს.

"დოკუმეტში, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, იქ არის რამდენიმე ეკონომიკური მოთხოვნა, მაგალითად მთავრობას მივანიჭოთ უფლება დახარჯოს ბიუჯეტის 5% პარლამენტის გარეშე. ავუწიეთ ხელი, ეს არის 700 მლნ ლარი, ჩვენ გვეგონა ამ 700 მლნ ლარით მთავრობა დაუყოვნებლივ გაატარებდა სასიცოცხლო ღონისძიებებს, რომელიც ეხება თუნდაც იგივე უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს და როდესაც 5%-ის დახარჯვის უფლება მივეცით 700 მლნ ლარის, ახლა არ მივცემთ ამის უფლებას. რადგან ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტმა დაამტკიცოს გეგმა და პარლამენტმა უნდა მიუთოთოს მთავრობას, როგორ დაეხმარონ ბიზნესს და ადამიანებს. მივეცით ეს უფლება და არ გამოიყენეს", - აცხადებს გოცირიძე.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობას ახლავს ეკონომიკური ნაწილი და არსებული კანონით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფინანსთა მინისტრს შეუძლია გადასახადები შეამციროს, გაზარდოს, ან რომელიმე კომპანიებს გადაუვადოს.

"უზარმაზარი უფლებები ეძლევა მთავრობას საფინანსო სფეროში, ამიტომ უნდა მოსულოყო დღეს დილით, მოგვესმინა მისი ეკონომიკური ნაწილის განმარტება, რას აპირებდნენ და ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტდით, დაგვეჭირა თუ არა მხარი", - განაცხადა გოცირიძემ.