მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ხვალ უფლებამოსილება უწყდება, როდის დამტკიცდება მინისტრთა კაბინეტი?

5fd20262ad86f
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.20 15:20
1316
ხვალ, 11 დეკემბერს 12:00-ზე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, რომელზეც პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ცნობს. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის თანახმად, ამ მომენტიდან ქვეყნის მთავრობის სრულ შემადგენლობას ეხსნება უფლებამოსილება და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას იქამდე, სანამ პარლამენტი ახალ მთავრობას არ აირჩევს.

მაღალი ალბათობით მანდატის მიღებისთანავე დათმობს მას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც "ოცნების" სიის პირველი ნომერი იყო. რაც შეეხება თეა წულუკიანს, როგორც ცნობილია, მან მინისტრის პორტფელი სექტემბერში დატოვა და სავარაუდოდ, საქმიანობას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებს. 

კონსტიტუციის თანახმად, ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა ასეთია:

“პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა", - ნათქვამია საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლში.

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში არ გამოუცხადა ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა, დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

“საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება", - ნათქვამია საქართველოს კონსტიტუციაში.

არსებული მდგომარეობით, პარლამენტი უფლებამოსილების შესრულებას 90 დეპუტატით შეუდგება (ქართული ოცნება), დეპუტატთა რიგებს მაღალი ალბათობით შეუერთდება კიდევ ორი დეპუტატი, რომლებიც პარტია "მოქალაქეებს" წარმოადგენენ. 

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებიდან ცხრამ გადალახა ბარიერი, მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, პროცენტები და მანდატები შემდეგია:

⚫ „ქართული ოცნება“ – 928 004 ხმა, 48.22%, 60 მანდატი [პლიუს 30 მაჟორიტარი];  

⚫ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – „ძალა ერთობაშია“ – 523 127 ხმა; 27.18%; 36 მანდატი;

⚫ „ევროპული საქართველო“ – 72 986 ხმა, 3.79%; 5 მანდატი. 

⚫ „პატრიოტთა ალიანსი“ – 60 480 ხმა, 3.14%, 4 მანდატი;

⚫ „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 60 671 ხმა, 3.15%, 4 მანდატი;

⚫ „გირჩი“ – 55 598 ხმა, 2.89%, 4 მანდატი;

⚫ „ლელო“ – 60 712 ხმა, 3.15%, მანდატი 4;

⚫ „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი – 25 508 ხმა, 1.33%, 2 მანდატი; 

⚫ „ლეიბორისტული პარტია“ – 19 314 ხმა, 1%, 1 მანდატი;

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციამ შედეგების მიმართ უნდობლობა დააფიქსირა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.