13.ოქტომბერი .2021 10:26

მთავრობაშ საჯარო მმართველობის რეფორმის შედეგებსა და 2021-2025 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს

მთავრობაშ საჯარო მმართველობის რეფორმის შედეგებსა და 2021-2025 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს
უკან

საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგები, 2021-2025 წლების სტრატეგია, გამოწვევები და პრობლემები, - ამ თემებზე ისაუბრეს საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანა ჩერნიშოვამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EUD) პროექტების განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა გახსნეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში წერია, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგები და მომდევნო ფაზის პრიორიტეტული მიმართულებები. დამოუკიდებელმა ექსპერტმა წარადგინა PAR გზამკვლევი 2020-ის განხორციელების ზოგადი შედეგები.

„ყურადღება გამახვილდა საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი 2021-2025 წლების სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. რეკომენდაციები წარადგინა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტმა ალასტარ სვარბრიკმა და SIGMA-ს სახელით მზადყოფნა გამოხატა, მხარი დაუჭიროს საბჭოს ახალი სტრატეგიის მომზადების პროცესში. რეკომენდაციები წარადგინეს ასევე საბჭოს საქმიანობაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

ასევე გაიმართა საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) კომუნიკაციის სტრატეგიისა და Brand Book-ის პრეზენტაცია. დისკუსიის რეჟიმში მონაწილეებმა განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის კომუნიკაციის კომპონენტის მნიშვნელობა და სამომავლო ნაბიჯები მის დასახვეწად“, - ნათქვამია ადმინისტრაციის პრესრელიზში.

საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის დასასრულს, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სურვილი, მხარი დაუჭირონ საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

„საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც საქართველოში 2015 წელს დაიწყო, ქვეყანაში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება. რეფორმის მიზანია საქართველოში საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროპული მმართველობის სტანდარტებთან. რეფორმა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს ეყრდნობა და მოიცავს პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია; საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა; ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება; საჯარო ფინანსების მართვა; ადგილობრივი თვითმმართველობა“, - წერია ადმინისტრაციის პრესრელიზში.

სხდომაში საბჭოს წევრი საჯარო უწყებების, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა