მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობასთან არსებულ ინვესტორთა საბჭოს სხდომას ICC არ დაესწრება - განცხადება

629efe9596d36
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.22 11:33
956
საერთაშორისო სავაჭრო პალატა ინვესტორთა საბჭოს სხდომას არ დაესწრება - ამის შესახებ განცხადებას თავად ICC ავრცელებს. განცხადების თანახმად, მიზეზი ინვესტორთა საბჭოს მიერ განსახილველი საკითხების დღის წესრიგიდან უცხოეთის მოქალაქეთა რეზიდენტობის გაუქმების საკითხის ამოღება გახდა. ICC აღნიშნავს, რომ ეს საკითხი საქართველოში ინვესტორების უფლებების დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საბჭოს მიერ მის განხილვაზე უარის თქმა მიუღებელია. საქართველოში ICC-ის ხელმძღვანელი ფადი ასლი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გამართული ინვესტორთა საბჭოს სხდომები “თეატრალურ წარმოდგენად” არის ქცეული.

“საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში არ დაესწრება დღეს, 2022 წლის 7 ივნისს დაგეგმილ ინვესტორთა საბჭოს სხდომას, რომელსაც თავმჯდომარეობს პრემიერ მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურის მიერ რეზიდენტობის თვითნებური
გაუქმების/ჩამორთმევის საკითხის დღის წესრიგიდან ბოლო წუთში მოხსნის გამო, რაც უკვე წლებია არის ნომერ პირველი დაბრკოლება საქართველოში უცხოური ინვესტიციებისთვის.

„ინვესტორთა საბჭოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იქცა თეატრალურ წარმოდგენად, სადაც ყველა განსახილველი საკითხი სხდომამდე წინასწარ იდგმება, მსახიობებს ეუბნებიან რა უნდა თქვან ან არ უნდა თქვან, და ყველა პრობლემური საკითხი, რომელმაც შეიძლება მთავრობა გაანაწყენოს, ამოღებულია დღის წესრიგიდან, რათა არ მოხდეს საკითხის განხილვა; წლებია, რეზიდენტობის ნებართვის საკითხი სისტემატურად წამოიჭრება ინვესტორთა საბჭოზე ICC-Georgia-ს მიერ და ყოველთვის, როცა საკითხი დგება, შეხვედრის წინ მისი დღის წესრიგიდან ამოღება ხდება“, - განაცხადა ფადი ასლიმ, ICC- Georgia-ს თავმჯდომარემ.

2013 წლიდან მოყოლებული უცხოური ინვესტიციები საქართველოში სრულ სტაგნაციაშია მთავრობის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო უცხოელი ინვესტორებისადმი; უკვე წლებია, საქართველოში უსაფრთხოების სამსახური სისტემატურად ეუბნება უარს ბინადრობის ნებართვაზე უამრავ უცხოელ ინვესტორს, თვითნებურად აუქმებს ბინადრობის ნებართვებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მას შემდეგ რაც ეს ინვესტორები ინვესტიციებს განახორციელებენ ქვეყანაში, რამაც აიძულა ბევრი მათგანი ქვეყანა დაეტოვებინა და უარი ეთქვა საკუთარ ინვესტიციებზე.

ამ პრაქტიკამ საქართველოს საშინელი რეპუტაცია შესძინა საერთაშორისო დონეზე და უცხოელი ინვესტორების უმეტესობა საქართველოს ახლა ინვესტიციებისთვის არასანდო და საშიშ ადგილად აღიქვამს. სანამ მთავრობა ამ პოლიტიკას არ შეცვლის, მანამ საქართველოში ცოტა უცხოური ინვესტიცია იქნება და უმუშევრობის და სიღარიბის დონე დარჩება მაღალი,”- ნათქვამია განცხადებაში.

ინვესტორთა საბჭო საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის სივრცეს წარმოადგენს. ის 2015 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირველი ვადის დროს დაფუძნდა. მისი პირველი სხდომა 2015 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა. საბჭოს სხდომებს ესწრებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციების და მთავრობის წევრები. სხდომას პრემიერი ხელმძღვანელობს. 

ორგანიზაცია შედარებით აქტიური გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს იყო, როდესაც წლიურად 4 შეხვედრა იმართებოდა, თუმცა მას შემდეგ შეხვედრების სიხშირე შემცირდა. საბჭოს ბოლო სხდომა 2021 წლის 25 ნოემბერს გაიმართა.

ინვესტორთა საბჭო ფინანსდება გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვეობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გიორგი ჩერქეზიშვილი ხელმძღვანელობს.