02.მაისი .2020 19:40

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა -სოციალური დახმარების პროგრამა თუ ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტი

views 1298
უკან

საქართველოში კორონა ვირუსის პირველი ფაქტი 26 თებერვალს დაფიქსირდა. მთავრობის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა 28 იანვრიდან დაიწყო, 21 მარტს ცხადდება საგანგებო მდგომარეობა.

24 აპრილს მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომელიც უფრო სოციალური დახმარების პროგრამაა ვიდრე ეკონომიკური შინაარსის მატარებელი. არ ყოფილა განხილული გადასახადების შემცირების ან დროებით (კრიზისულ პერიოდში) შეჩერების საკითხი, არ განხილულა საპენსიო სისტემის შეჩერება, რომელიც დამატებითი ფინანსური შეღავათი იქნებოდა ბიზნესისთვის, არ მომხდარა დაკონკრეტება იმ გეგმაზე თუ რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო კრიზისში მყოფ კომპანიებს, დახმარების კუთხით საუბარია შეღავათიან სესხებზე და დღგ-ს ავტომატურ დაბრუნებაზე, ეკონომიკური ნაწილიდან გადასახადების გადავადებაზე გაკეთდა აქცენტი, მხოლოდ გადავადებაზე და არა შეჩერებაზე, ამიტომ კომპანიები რომლებსაც მძიმე ფინანსური პერიოდი ჰქონდათ და ასევე პოსტკრიზისულ პერიოდში არცთუ სახარბიელო ეკონომიკურ გარემოში მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება, გადავადებული გადასახადების დამატება მათთვის კიდევ დამატებითი ფინანსური წნეხი იქნება.

ტურიზმთან დაკავშირებულ 4500 ბიზნესს 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები 1 ნოემბრამდე გადასახადები გადაუვადდა, მცირე სასტუმროებს კი 6 თვის გადასახადზე საბანკო სესხის პროცენტის 80% დაუსუბსიდირდა. მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ გადასახადების გაჩერება გამორიცხულია და ეს სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, მაგრამ იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან დროებით აეკრძალათ საქმიანობა, ან გადასახადებიც უნდა შეუჩერდეთ, ან თუ საგადასახადო ტვირთს ვაკისრებთ მაშინ სრული ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობაც უნდა მიეცეთ. ეკონომიკური აქტივობის გაჩერება და თან საგადასახადო ვალდებულებების მოთხოვნა ცალმხრივი მიდგომაა. ამ ეტაპზე არ მომხდარა საბიუჯეტო პროგრამის განხილვა, თუ რა მიმართულებით გაკეთდება დანაზოგები, როგორი იქნება სამთავრობო ხარჯები, მოზიდული თანხებიდან და შექმნილი ფონდებიდან როგორ გადანაწილდება ფინანსები.

განვიხილოთ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის სოციალური ნაწილი. კომუნალური გადასახადების შეღავათები. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ -ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის გამნავლობაში (მარტი, აპრილი და მაისი) სრულად დაუფინანსდება. ამ პროგრამის ბიუჯეტი 150 მლნ ლარს შეადგენს. ცხადია აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად უნდა შეფასდეს, რაც კრიზისულ პერიოდში ადამიანებს ფინანსურ შეღავათს მისცემს, განსაკუთრებით ეს ეხება დაბალშემოსავლიან ოჯახებს, რომელთა მოხმარების დონე 200 კილოვატზე ან 200 მ -ზე ნაკლებია. საბანკო გადასახადების 3 თვით გადავადება. ცხადია დადებითია, რომ მომხმარებლებს კრიზისულ პერიოდში გადაუვადდათ გადახდა, თუმცა ეს არა მთავრობის არამედ კომერციული ბანკების გადაწყვეტილებით მოხდა.

ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ 3 თვის შემდეგ რამდენად შეუნარჩუნდებათ სამსახური, ან ფინანსური კრიზისის შემდეგ რამდენად შეძლებენ უკვე გაზრდილი საბანკო ვალდებულებების გადახდას. ამ მხრივ ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის შემცირება და რეფინანსირებაზე მიბმული გადასახადების შემცირება შეიძლება დადებით ფაქტორად შევაფასოთ. გარკვეული შეღავათები მიეცათ ავტოიმპორტიორებს, რომელთაც ავტომობილების განბაჟების 90 დღიანი ვადა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაუვადდათ. 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის სუბსიდირება - პროგრამა რომელიც უფრო მეტ კითხვას აჩენს ვიდრე პასუხს (სუბსიდირების პროგრამის განხილვა https://bit.ly/3aPpvfRR).

გარდა სტატიაში განხილული რისკებისა, ჯეროვნად არ არის შეფასებული რამდენად მომგებიანი გახდება იმპორტიორებისთვის აღნიშნული სუბსიდირების პროგრამა. თუ ნაკლებ მოგებაზე გავლენ ვიდრე ამას ფასის ზრდით მიაღწევდნენ შეიძლება იმპორტის მოცულობის შემცირება მოჰყვეს და პროდუქციის მიწოდებაზეც აისახოს. ამავე დროს არსებობს თუ არა რისკი, რომ იმპორტიორებმა მოგების დაბალანსებისათვის სხვა იმპორტირებულ პროდუქტებზე გაზარდონ ფასები. რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, დასაწყისში დაანონსდა 2 მლნ ლარით, შემდეგ გაიზარდა 10 მლნ-მდე, საბოლოო სახით კი 15 მილიონ ლარს შეადგენს.

დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, 6 თვის განმავლობაში დახმარების სახით მიიღებენ თვეში 200 ლარს. მარტის თვეში საარსებო მინიმუმმა შეადგინა 206,1 ლარი. უმუშევართა დახმარება უფრო ნაკლებია ვიდრე საარსებო მინიმუმი, იმ საარსებო მინიმუმზე ნაკლები, რომლის გამოთვლის მეთოდოლოგიაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და რომელსაც მხოლოდ ემოციური მაჩვენებლის ფუნქცია შემორჩა. ამასთან არიან ოჯახები, რომლებიც ერთი დასაქმებულის შემოსავალზე არიან დამოკიდებულნი, მათთვის აღნიშნული დახმარება კიდევ უფრო მინიმალური დონის ხდება. თავად მთავრობის წარმომადგენლებიც აღიარებენ რომ 200 ლარი არ არის საკმარისი. მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ მოიპოვოს ალტერნატიული ფინანსები ადამიანმა როცა ეკონომიკა ჩაკეტილია? თუ მთავრობა ეკონომიკას აჩერებს მაშინ შესაბამისი ფულადი დახმარება უნდა მისცეს და თუ ფულად დახმარებას ვერ უზრუნველყოფს და მხოლოდ მცირედი სოციალური დახმარებით შემოიფარგლება მაშინ ალტერნატიული შემოსავლების მიღების წყაროც უნდა შესთავაზოს.

200 ლარი არ არის საკმარისი, მაგრამ მიუხედავად ამისა ეკონომიკას მაინც ჩაკეტილს დავტოვებ და შემოსავლების მიღების შესაძლებლობას არ მოგცემ, ეს არ არის სწორი მიდგომა! არაფორმარულ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას. აღნიშნული გადაწყვეტილება, თავიდანვე განსჯის საგანი გახდა, რამდენად შეძლებდა თვითდასაქმებული შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, ეს ვარაუდი გამართლდა იმდენად რამდენადაც, ქვეყანაში დაახლოებით 840 ათასი თვითდასაქმებულია, საიდანაც მთავრობამ დაახლოებით 150 ათასის შემოსავლების იდენტიფიცირება შეძლო, შესაბამისად გამოდის არა ყველა თვითდასაქმებულს, არამედ მათ მცირე ნაწილს (18%-ს) ეხმარება.

ყველა თვითდასაქმებულის შემოსავლის იდენტიფიცირება ვერ მოხდება და რატომ. საქართველოში დასაქმებულთა ნახევარს თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, თუმცა თავად თვითდასაქმებულები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან: დამქირავებელი, დამოუკიდებლად მომუშავე და ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე. ეს უკანასკნელი კატეგორია თვითდასაქმებულთა დაახლოებით 40%-მდეა, შესაბამისად რთულია მათ რაიმე სახის შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდეთ.

დამქირავებლები, რომელთა იდენტიფიცირება ყველაზე მარტივია და სრული მოცვით მოხდება, ხოლო ნაწილობრივ აღრიცხვა მოხდება დამოუკიდებლად მომუშავეთა კატეგორიის: ძიძები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები, გარე მოვაჭრეები და სხვ. მათ უდიდეს ნაწილს არ აქვთ შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი, შესაბამისად ისინი დახმარების გარეშე დარჩებიან. საქართველოს ეკონომიკაში დიდია არაფორმალური ეკონომიკის წილი, სადაც დასაქმებული ადამიანებს ოფიციალური შემოსავლების დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნიათ, ამასთან დასაქმებულთა კატეგორიაში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სწორედ თვითდასაქმებულებში არიან, რომელთაც მინიმალური შემოსავლები აქვთ და დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ.

სოციალურ ნაწილში საუბარია დამატებით 6 თვის განმავლობაში ოჯახების დამატებით 600 ლარიან დახმარებაზე, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, ასევე ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირები. რაც შეეხება პენსიების ზრდას, აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და ეს არ წარმოადგენს ანტიკრიზისული გეგმის ნაწილს, ხოლო თავად ის ფაქტი რომ პენსიების ზრდა არ შეჩერდა დადებითი გადაწყვეტილებაა.
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის დაგეგმილია შემდეგი: სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ დაიწყო მიკრო-საგრანტო სისტემა, რომელიც მოიცავდა მცირე ბიზნესების დაფინანსებას 20 000 ლარამდე, ახლა დაფინანსების ზედა ზღვარი გაიზრდება 30 ათასი ლარამდე.

ასევე მოხდება ერთწლოვანი კულტურების დაფინანსება. სესხის სავარაუდო ჯამური ღირებულება იქნება 50 მლნ ლარი, ხოლო რითაც დაახლოებით 5 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს. ასევე სამელიორაციო საფასურისგან განთავისუფლება. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მომდევნო 3 წლის განმავლობაში სრულად მოხდება დარჩენილი 1,2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია. რამდენად არის აღნიშნული გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის დარგის რეალური დახმარების პროგრამა? მაშინ როცა პრობლემებია მიღებული მოსავლის ჩაბარებასთან, ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის, მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაგ; საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე ავტომობილებით გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. იმ პირობებში როცა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის 60-70% ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, ამ პირობებში საგრანტო პროგრამა რამდენად ეფექტიანად დაეხმარება სოფლის მეურნეობის განვითარებას ეგ კიდევ საკითხავია.


მთავრობას ორი ვარიანტი აქვს, ან ფულადი დახმარებით უზრუნველყოს მოქალაქეები ან გახსნას ეკონომიკის სექტორები და შესაძლებლობა მისცეს ადამიანებს დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავლები. საქართველოს მცირე ეკონომიკისა და ბიუჯეტის პირობებში, თუნდაც საგარეო დახმარებების პირობებში არ შეუძლია ხანგრძლივი ვადით სრულად უზრუნველყოს მოქალაქეები შემოსავლებით, მოკლე ვადიან პერიოდში კიდევ შესაძლებელია და თუნდაც ამ პირობებში საბიუჯეტო დანაზოგების გაკეთებით მეტად დაეხმაროს მოქალაქეებს, თუმცა სრულფასოვანი დახმარების გაწევა და მით უფრო გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფა ძალიან გაუჭირდება, ამიტომაც ბიზნესის და დასაქმებულების ყველაზე უკეთესი დახმარება მათთვის ჯანდაცვის მიმართულებით რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით ეკონომიკის გახსნაა.

რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია? მთავრობის მხრიდან შეუძლებელია ეკონომიკის ეფექტიანი მართვა და სტიმულირება, პრობლემაა აღსრულების მექანიზმშიც, მით უფრო ყველა სექტორისთვის მისაღები პროგრამის შემუშავება. მთავრობა ეკონომიკაში ,,კეთილი მიზნებით’’ ჩარევით უარეს შედეგებს იღებს და საერთოდ, მთავრობის საქმე არც არის ეკონომიკაში ჩარევა. მთავრობას რაც შეუძლია და ატარებს ეს სოციალური დახმარებებია, რომლის ბიუჯეტსაც ვერ გაზრდის თუ არ ექნა განვითარებული ეკონომიკა და კერძო სექტორიდან არ შეავსო ბიუჯეტი. მაგრამ, რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით მეტად მდიდარი და ფინანსურად უზრუნველყოფილია მოქალაქეები და მით უფრო ნაკლებად დამოკიდებულნი ხდებიან სახელმწიფო შემწეობებზე.