მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის სამი ძირითადი პრინციპი

5e9701ccd4e61
BM.GE
15.04.20 16:40
1176
"Covid-19-თან დაკავშირებული გლობალური პანდემიის გამოწვევა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და ნეგატიურად აისახება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   

მისი განმარტებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფში შემავალი ეკონომიკური ჯგუფი პირველივე დღეებიდან მუშაობდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც 3 ძირითად პრინციპს ეფუძნება.

"პირველი - ეს გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევები, მეორე - მივეხმაროთ ბიზნესს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, და მესამე- შევიმუშაოთ ინსტრუმენტები, რომ როდესაც ქვეყანა დაიწყებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, სწრაფად მოხდეს ეკონომიკური განვითარების აღდგენა, სწრაფად დავეწიოთ იმ სასტარტო პირობებს, რითაც მიმდინარე წელი დავიწყეთ.

ამ სამი პრინციპული ამოცანის შესასრულებლად, რაც უკავშირდება ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას, ჩვენ განვახორციელეთ რიგი ღონისძიებები. აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ გეგმა იმ კავშირიდან გამომდინარე, რაც არსებობს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ქვეყანაზე ნეგატიურ ეკონომიკურ ზემოქმედებას შორის, შესაძლოა იცვლებოდეს, როგორც მასში შემავალი ღონისძიებების თვალსაზრისით, ისე თითოეული ღონისძიების მასშტაბის თვალსაზრისით. შესაბამისად, გეგმა იყოფა 2 ნაწილად - ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა კრიზისის დასაწყისში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობების შენელებიდან გამომდინარე საჭირო დახმარების ფარგლებში და იმ ნაწილად, რომელიც ეხება საზოგადოების ნაწილს - სოციალური და ბიზნესის დახმარების მიმართულებებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, Covid-19-თან დაკავშირებული გლობალური გამოწვევის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას აქვს ორი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამოცანა. პირველი, ესაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და მეორე - იმ ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენის მინიმიზაცია, რაც ვირუსის გავრცელებას ახლავს თან.

"კავშირი ამ ორ სტრატეგიულ ამოცანას შორის არის ნათელი, რამეთუ ვირუსის გავრცელების მასშტაბები და დინამიკა პირდაპირ განსაზღვრავს ზეგავლენის ხარისხს მოქალაქეების შემოსავალზე, ბიზნეს და ეკონომიკურ აქტივობებზე და ა.შ.

ამ ორი სტრატეგიული ამოცანის მისაღწევად საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებამდე 1 თვით ადრე შექმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ყოველდღიურად მუშაობდა, რომ მინიმიზაცია გაეკეთებინა ეპიდემიოლოგიური რისკების დასაწყისში, ხოლო შემთხვევის დაფიქსირებიდან ყოველდღიურად აგრძელებდა მუშაობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ემართა ეპიდემიოლოგიური ვითარება. განხორციელებული ღონისძიებების ნაწილში ჩვენ ვიმუშავეთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, ერთობლივად წარვადგინეთ და განვახორციელეთ ღონისძიებების გეგმა, რომლებიც მიეხმარა როგორც საბანკო-საფინანსო სექტორს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას.

კერძოდ, მაგალითად: საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, რომლითაც დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 4500-მა კომპანიამ ისარგებლა; მცირე სასტუმროების პროცენტის სუბსიდირება; სასურსათო ფასების დაზღვევა სახელმწიფოს მხრიდან, რათა არ მომხდარიყო პროდუქციის გაძვირება; დღგ-ს დამატებითი დაბრუნების დაანონსება, რომელიც დავიწყეთ და გაგრძელდება მომავალი წლის განმავლობაშიც და მთავარი - ეს გახლავთ კომუნალური გადასახადის სუბსიდირება, დაახლოებით, 1.5 მლნ-ზე მეტი ოჯახისათვის", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩევლის განცხადებით, გარდა ამ ღონისძიებებისა, ანტიკრიზისული გეგმის საწყისი ეტაპი, რომელიც განხორციელდა, ითვალისწინებდა საფინანსო და საბანკო სექტორის მხარდაჭერასაც.

"აქ რეგულატორმა ძალიან ეფექტიანად იმუშავა იმისთვის, რომ შეექმნა შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მაგალითად, 1.6 მილიარდის კაპიტალი გამოეთავისუფლებინა საბანკო სექტორისთვის პოტენციური რისკებიდან გამომდინარე საფრთხეების მაქსიმალურად შესამცირებლად. განახორციელა ე.წ. ​სლოტ ოპერაციები, რომელმაც საფინანსო სექტორს მისცა ლიკვიდობაზე დამატებითი წვდომა, რომ შემდეგ ეს ლიკვიდობა მიაწოდოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს და ა.შ. ამ ღონისძიებების ფარგლებში, ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურად მუშაობდა საფინანსო ინსტიტუტებთან, ექსპერტებთან, სხვადასხვა ეკონომიკურ წრეებთან, იმისთვის, რომ სწრაფად შეეფასებინა ეპიდემიის სხვადასხვა გავლენები ეკონომიკაზე და განეხორციელებინა დეტალური ღონისძიებები ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, დონორებთან განხორციელებული მუშაობის შედეგად, დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის რესურსის მობილიზებას შეძლებს სახელმწიფო საბიუჯეტო დახმარების სახით. ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მზაობას გამოთქვამენ, რომ დაახლოებით, ამდენივე რესურსი მიაწოდონ საქართველოს კერძო სექტორს, მათი მოთხოვნის შესაბამისად.

"გარდა ამ შეთანხმებისა, მათ შორის, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რაც ოფიციალურად, დღეს უკვე ფონდის განცხადებით გახდა ცნობილი. ამ შეთანხმების ფარგლებში, ფონდი, "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის ფარგლებში გამოყოფს დამატებით დაფინანსებას ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად, საიდანაც, დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარი მიემართება პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის მიმართულებით, ხოლო დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარი მიემართება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართულებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ისევე, როგორც ყველა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ფონდთან მიღწეული შეთანხმება არ არის მხოლოდ უბრალოდ შეთანხმება. ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არის ძლიერი მაკროეკონომიკური მენეჯმენტი, რაც არის ე.წ. ბენჩმარკი და მოცემულობა ყველა სხვა საფინანსო ინსტიტუტისთვის და დონორი ორგანიზაციებისთვის, რომ ქვეყანაში შეუძლიათ მათ თავისუფლად გამოყონ ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური რესურსები და ეს იქნება სრულიად შესაძლებელი", - განაცხადა მთავრობის მეთაურის მრჩეველმა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ქვეყნის ეკონომიკას და სამთავრობო, თუ სახელისუფლებო გუნდის მუშაობის პროცესს.

"დღეს გაიმართა კიდევ ერთი დამატებითი შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, სადაც ვისაუბრეთ იმ ღონისძიებების გეგმაზე, რომელიც უკვე უპასუხებს საზოგადოების ყოველდღიურ საჭიროებებს, გარდა იმ ღონისძიებებისა, რაც უკვე გავაკეთეთ. სოციალური პაკეტის გარდა, გეგმა ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის გამოყოფას კერძო სექტორისთვის და დახმარების უზრუნველყოფას, რათა კერძო სექტორმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები. რაც შეეხება პოსტკრიზისულ გეგმას, ამ გეგმის მონახაზზეც იყო საუბარი და განვიხილეთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეიძლება ჩატარდეს პოსტკრიზისულ პერიოდში, რათა სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.