მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ახალი დადგენილება ენერგეტიკაში ინვესტიციებს შეაფერხებს - გიორგი აბრამიშვილი

5f047ca0c8901
დავით ჯალაღონია
07.07.20 17:55
2427
საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კომპანია Energy Solution-ის ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი მთავრობის მიერ დამტკიცებულ ჰესების მხარდამჭერ ახალ ფინანსურ მექანიზმს აკრიტიკებს.

როგორც მან BM.GE-iსთან საუბრისას განაცხადა, მისთვის მიუღებელია ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ახალი ჰიდროელექტროსადგურები სახელმწიფოსგან თანხას მიიღებენ.

საქართველოს მთავრობა საქართველოში ჰესების მშენებლობით დაინტერესებულ პირებს ასეთ პირობებს სთავაზობს - თუ მათი ობიექტის დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატზე მეტი იქნება, ოპერირების დაწყებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში, წელიწადში რვა თვე, გარდა მაისიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდისა, ენერგეტიკულ ბირჟაზე გაყიდულ ყოველ 1 კილოვატსაათზე, პრემიალურ ტარიფს - 1.5 ცენტს მიიღებენ, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.

საქმე იმაშია, რომ მთავრობამ წონასწორული ფასი დაადგინა, რაც 5.5 ცენტია და თუ ამაზე იაფი იქნება კონკრეტულ დღეს ელექტროენერგიის ფასი ბირჟაზე, სხვაობას ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) დაფარავს, არაუმეტეს 1.5 ცენტის ფარგლებში. შესაბამისად, ესკო ტარიფის შემავსებლის ფუნქციას შეასრულებს.

„მე მგონია, რომ ეს ახალი ხელშეწყობის მექანიზმი იმ კონფიგურაციით, როგორც ახლა იქნა წარდგენილი და დამტკიცებული, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

პირველ რიგში, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის ზღვარი ხუთ მეგავატზე გაკეთებული. ხუთ მეგავატზე ნაკლები სიმძლავრის პროექტები ხშირ შემთხვევაში, ტექნიკურად შეიძლება ბევრად მარტივად განხორციელებადი იყოს და გარემოზე ნაკლები ზემოქმედების შედეგად განხორციელდეს და მათი ხელშეწყობა უფრო მეტად უნდა ხდებოდეს, ვიდრე სხვების. მესმის, რომ შეიძლება საერთო სისტემისთვის მსხვილი სადგურები უფრო პრიორიტეტულია, ვინაიდან დეფიციტი დიდია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ პატარა სადგურებმა შეიძლება სერიოზული ფონი შექმნან და მათი ხელშეწყობაც მნიშვნელოვანია“, - აცხადებს აბრამიშვილი.

ამავე დადგენილებით, საქართველოს მთავრობა უშვებს, რომ სადგურის სპეციფიკის ან მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, შემუშავდეს ზემოთ მოცემული მხარდაჭერის სქემისაგან განსხვავებული პირობები, რაც ენერგეტიკოსისთვის ასევე მიუღებელია.

„დადგენილებაში განსაზღვრულია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სადგურის სპეციფიკის და მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია შემუშავებულ იქნას ამ მხარდაჭერის სქემისგან განსხვავებული მხარდაჭერის პირობები, შესაბამისად უკვე იქნება გამჭვირვალობის პრობლემა, თუ რას ნიშნავს უფრო პრიორიტეტული სადგური სახელმწიფოსთვის, თუ ამის რაღაც ინდიკატორები არ გვექნება. ჩემთვის გასაგები იქნებოდა, რომ პრიორიტეტული არის პირობითად, 50 მეგავატზე მეტი, ან ნაკლები ზეგავლენა რომ აქვს გარემოზე და ა.შ. რაღაც ინდიკატორი უნდა არსებობდეს, როდის გადის ჩარჩოებს გარეთ სახელმწიფო.

მესამე - საუბარი იყო იმაზე, რომ ეს 8-თვიანი ხელშეწყობა, 9 ან 10 თვეზე გადავიდეს, რადგან მოგეხსენებათ, ივლისიც და აგვისტოც უკვე დეფიციტურია საქართველოსთვის მრავალი წელია და მოლოდინიც ეს იყო, თუმცა დარჩა ისევ 8-თვიანი, რაც აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებშიც, დასავლეთშიც, ყველაზე ხანმოკლე ხელშეწყობის პერიოდია. მოლოდინი იყო, რომ ეს რვა თვე გაიზრდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

და ბოლოს, ტარიფი - თავად ტარიფის განსაზღვრება, Feed-in Premium საინტერესოა და მესმის, რომ ბაზრის ლიკვიდურობისთვის მნიშვნელოვნია, რომ ბირჟაზე ივაჭრონ სადგურებმა და ჩვენც მივესალმებით, რომ სრული დერეგულირებისკენ ნელ-ნელა გადავიდეთ, მაგრამ გაუგებარია ის, რომ ზედა ზღვარი დაწესდა, აბსოლუტურად გაუგებარია ეს 5.5 ცენტი. ერთი მხრივ, სტანდარტებს ვზრდით, ევროპული სტანდარტებისკენ მივდივართ გარემოს დაცვის კუთხითაც, უსაფრთხოების კუთხითაც, რაც, რა თქმა უნდა, შესაბამის ხარჯებთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ, გვინდა, რომ ტარიფი კიდევ უფრო გავაიაფოთ, მიუხდავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე იაფი ტარიფი გვაქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში, აზერბაიჯანი და რუსეთი რომ არ ჩავთვალოთ, მათი წიაღისეულის რესურსიდან გამომდინარე. ამიტომ გაუგებარი იყო ჩამოწევა და ზღვარის გაკეთებაც. მაშინ ქვედა ზღვარიც უნდა იყოს, რომ 4 ცენტზე დაბლა არ ჩავა ტარიფი, რომ ინვესტორს ჰქონდეს რაღაც კომფორტი“, - მიიჩნევს გიორგი აბრამიშვილი.

მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია, ენერგეტიკული ბირჟა კი, სადაც ამ მხარდაჭერის სქემებით სარგებლობის მსურველი ჰესების დეველოპერებმა ელექტროენერგია უნდა გაყიდონ, სავარაუდოდ, წელს სატესტო რეჟიმში მუშაობას დაიწყებს.