მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ჩინური კონტრაქტორი კომპანია 12-მილიონიან მოგებაზეა

632036bea37de
შოთა ტყეშელაშვილი
13.09.22 12:04
10785
CRBC ანუ ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია, რომელთანაც მილიარდ ლარზე დიდი ღირებულების ხელშეკრულებები არის გაფორმებული. კომპანია ამჟამად საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო პროექტებს აშენებს, მათ შორის უმსხვილესია ₾902-მილიონიანი კონტრაქტი ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე.

CRBC-ის ქართულმა შვილობილმა 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 63.4 მილიონი ლარით, 223.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომპანიის წმინდა მოგება კი 18.9 მილიონი ლარიდან 11.7 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის ხარჯებში პირველ ადგილზეა მასალების შესყიდვა, რადგანაც 2021 წელს CRBC-მა 170.3 მილიონი ლარის ძირითადი მასალები, არმატურა, ბეტონი და სხვა მასალები შეიძინა. თანამშრომელთა ხელფასებად კი კომპანიამ 15 მილიონი ლარი გასცა.

CRBC-ის პროექტების ჩამონათვალია:

1) უბისა-შორაპანი მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობა. გვირაბების სიგრძეები მერყეობს 300 მეტრიან 1600 მეტრამდე და 27 ხიდიდან 13 განლაგებულია თბილისი-არგვეთას მიმართულებაზე, ხოლო 14 - აგრვეთა-თბილისის მიმართულებაზე . გარდა ამისა, პროექტი მოიცავს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას, წყალანირების ფუნქციონალური სისტემების და სადრენაჟე სისტემების მოწყობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმართვას. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. მშენებლობა ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში. სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

2) ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 25.5 - კმ 32 სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდება ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის კუთვნილებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები; თვალამრიდების, ბეტონის კიუვეტებისა და გვერდულების მოწყობის სამუშაოები. ასევე, ხორციელდება ქვათაცვენის საწინააღმდეგო ლითონის ბადეების მოწყობა. სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

3) გურიის რეგიონში 9 სხვადასხვა საგზაო მონაკვეთზე, ჯამურად დაახლოებით 63 კმ-მდე სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებს: ჩოხატაური-ბახმაროს გზის 24.5 კმ-იან მონაკვეთს, ჩოხატაური-ზომლეთის გზის 10.3 კმ-იან მონაკვეთს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზის 2.8 კმ-იან მონაკვეთს და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 25.6 კმ-იან მონაკვეთს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე დაგეგმილია: გზის საფუძვლის განახლება და გაუმჯობესება, ახალი ხელოვნური ნაგებობების (წყალგამტარი მილები, საყრდენი კედლები და სხვა) მოწყობა, ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და შემოფარგვლა. სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

4) ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი ითვალისწინებს 16.6 კილომეტრი სიგრძის, 2-ზოლიანი, ასფალტბეტონის საფარიანი გზის, 6 ხიდის და ორი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარის) მშენებლობას. ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.

5) ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზა ლოტი-1 იწყება კმ 04+040-ზე, მდებარეობს ვაზიანის კვანძთან, დასასრული კმ 27+840 მდებარეობს ნინოწმინდამდე, საგარეჯოს კვანძის აღმოსავლეთით. პროექტი ითვალისწინებს 23,8 კმ საავტომობილო გზის და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. კახეთისთვის, როგორც ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მზარდი ინტერესის მქონე რეგიონისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კარგად განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია,"- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.