მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის დადგენილება - ვის შეეძლება "საერთაშორისო კომპანიის" სტატუსის მიღება და შეღავათებით სარგებლობა

5f7f2d738f7f4
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.20 19:40
2142
დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა კომპანიებმა “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ამ სტატუსის თანმდევი საგადასახადო შეღავათები. ამ სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად იქნება 5%. მაცნეზე დადგენილების ტექსტი უკვე გამოქვეყნდა, შესაბამისად კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პოტენციურ ინვესტორებს უკვე შეუძლიათ გაეცნონ იმ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ ახალი სტატუსის მოპოვებისთვის ესაჭიროებათ. დადგენილების მიხედვით, შეღავათების მოთხოვნის შესაძლებლობა ძირითადად IT და საზღვაო გადაზიდვების სფეროში ჩართულ კომპანიებს შეეძლებათ. 

მთავრობის დადგენილება - სტატუსის მისაღებად ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი და სტატუსის მიღებისთვის აუცილებელი პროცედურები:

ა) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 58.2 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები:

ა.ა) 58.2 − პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
ა.ბ) 58.21 − კომპიუტერული თამაშების გამოცემა;
ა.გ) 58.29 − სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;

ბ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 62 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები:

ბ.ა) 62.0 − კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები;
ბ.ბ) 62.01 − კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები;
ბ.გ) 62.02 − საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში;
ბ.დ) 62.03 − კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები;
ბ.ე) 62.09 − საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები;
გ) ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით;
დ) ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება;
ე) ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება;
ვ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;
ზ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება, მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
თ) სისტემის დისტანციური ადმინისტრირება;
ი) მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინმიწოდება;
კ) პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ან ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) და მისი განახლებები;
ლ) ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები;
მ) ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერიულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი);
ნ) ვებსაიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინინსტალაცია;
ო) ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატური ონლაინინსტალაცია;
პ) გემთმფლობელის მიერ ან/და მისთვის გემის ფლობასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური მომსახურებები, მათ შორის:
პ.ა) გემის გაქირავება ეკიპაჟით ან უეკიპაჟოდ (ბერბოუტ-ჩარტერი);
პ.ბ) რეისის დაგეგმვა ან/და ანალიზი;
პ.გ) გემის კაპიტნისათვის დამფრახტველთან შეთანხმებული რეისის ინსტრუქციების მიცემა;
პ.დ) სტალიური დროის დათვლა, დისბურსმენტის ანგარიშის ანალიზი და მართვა;
პ.ე) ტვირთთან დაკავშირებული მოთხოვნების, კომერციული, სამართლებრივი საკითხებისა და დაფრახტვის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების (ჩარტერის) დავების მართვა;
პ.ვ) ახალი გემების მშენებლობის შეკვეთების ორგანიზება ან/და მეორადი გემების ყიდვა-გაყიდვის მომსახურება;
პ.ზ) გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა ან/და შესაბამისი ტექნიკური ნაწილებით ან/და საკვები პროდუქტებით გემთმომარაგება;
პ.თ) გემთმშენელობის, გემების დოკირებისა და რემონტის კოორდინირება, ინსპექციების ჩატარება დარგის მარეგულირებლების მოთხოვნების შესაბამისად;
პ.ი) გემის გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (ISM) კოდექსთან, დროშისა და ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მოთხოვნებსა და საკლასიფიკაციო საზოგადოების წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

შენიშვნა: მოცემული დანართის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.

სტატუსის მინიჭების ძირითადი პირობები და პროცედურები

1. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი რომელიმე შემდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, მიენიჭოს საქართველოს საწარმოს:

ა) რომელსაც აქვს ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით;

ბ) რომელიც არის არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით;

გ) რომლის 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორ საწარმოებს დამოუკიდებლად (თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე) აქვთ ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით.

2. საწარმოს, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში. შესაბამისად, სტატუსის მქონე პირმა საქართველოში უნდა განახორციელოს ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობა, ამისათვის უნდა გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები საჭირო კვალიფიკაციით და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების გაწევა.

3. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

4. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად, დაინტერესებული პირი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის განცხადებით (წერილობით ან ელექტრონულად) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

5. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა);

ბ) საწარმოს იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებს;

გ) №2 დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სახეს, რომელზეც სურს სტატუსის მიღება;

დ) №2 დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობ(ებ)ის განხორციელების ფარგლებში, მომსახურების გაწევის ადგილს;

ე) განცხადების წარდგენის თარიღსა და უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − შესაბამისი ნებართვა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

7. შემოსავლების სამსახური 10 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.

8. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

9. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და უარი თქვას საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენაზე, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი.

10. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირის განცხადებას, თანდართულ მასალებთან ერთად, წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, მიღებულ დოკუმენტაციასა და წინადადებას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.

11. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

12. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ. სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ. პირი სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან.

13. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს.

იმ ხარჯების ნუსხა, რომელთა საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა  (დანართი 3)

1. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი.

2. საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები.

რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი - საგადასახადო კოდექსი, მუხლი 23:

● საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება;
● საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება;
● საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი;
● საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარჯის საქართველოში გაწევის შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა, ამ ხარჯის ოდენობით;
● საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.

როგორ მიიღო მთავრობამ ეს საგადასახადო ცვლილებები:

საქართველოს მთავრობა ამ საგადასახადო ცვლილებების მიღებაზე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ის თავდაპირველად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა. 2018 წლის ივნისში, მაშინ ჯერ კიდევ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საგადასახადო შეღავათი უნდა დაწესებულიყო იმ ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიდნენ. შემდგომში ამ ინიციატივამ ცვლილებები განიცადა და ბახტაძის პრემიერობის პერიოდშივე პარლამენტში დარეგისტრირდა საგადასახადო კოდექსში შესატანი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსს განსაზღვრავდა.

მას საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის ივნისში დაუჭირა მხარი და საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი ახალი შეღავათების შესახებ. ამავე მუხლში განისაზღვრა, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილების მეშვეობით განსაზღვრავდა. თუმცა, მთავრობამ 2019 წელს ამ კრიტერიუმების განსაზღვრისთვის ვერ მოიცალა, შესაბამისად კანონში “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსის შესახებ ჩანაწერს ფაქტობრივად არ უმუშავია. 2020 წლის ივლისში პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში რიგი ცვლილებები დაამტკიცა, მათ შორის გარკვეული კორექტირებები შევიდა “საერთაშორისო კომპანიების” სტატუსის განმსაზღვრელ მუხლშიც. 2020 წლის სექტემბერში კი საბოლოოდ დამტკიცდა ის კრიტერიუმები, რომლითაც კომპანიებს ეს სტატუსი ენიჭებათ.

როგორც დღეს გამოქვეყნებული დადგენილებიდან გახდა ცნობილი "საერთაშორისო კომპანიის" სტატუსი სრულებით არაა დაკავშირებული კომპანიის "საერთაშორისო" სტატუსთან და მისი მიღება იმ ქართულ კომპანიებსაც შეუძლიათ, რომლებიც მომსახურებას ადგილობრივ ბაზარზე აწვდიან.