მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობის გადაწყვეტილებები შეიძლება ეკონომიკის უფსკრულში გადაჩეხვად შეფასდეს" - ფინანსისტი

5e99be5ab1baa
ინგა მურუსიძე
17.04.20 20:30
2301
მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებები შეიძლება ეკონომიკის უფსკრულში გადაჩეხვად შეფასდეს, - ამის შესახებ bm.ge-ს ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა განუცხადა.

მან შეაფასა მთავრობის გადაწყვეტილებები ეკონომიკური მიმართულებით და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებები იმის შესახებ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბიზნესების აქტიურად გაშვება არ იგეგმება, ხოლო პირველი ონლაინ-გაყიდვები ამოქმედდება. 

„ეკონომიკის უფსკრულში გადაჩეხვად შეიძლება შეფასდეს ეს ყველაფერი. მე არ ვიცი აქედან როგორ გამოვალთ. ძალიან მეშინია, რომ მძიმე შედეგები დადგება ცოტა ხანში. ტესტირების უნარი არ გააჩნიათ, ადამიანების იზოლირების ჭკვიანი მეთოდების უნარი არ გააჩნიათ, მხოლოდ დრაკონული მეთოდებით შეუძლიათ მუშაობა და ასეც იქცევიან. ყველაფრის აკრძალვა შეუძლიათ მხოლოდ და ასეთი დრაკონული კარანტინი რომელ ქვეყანაშია კიდევ მე არ ვიცი. მეტ-ნაკლებად შეზღუდვები ყველგან არის, მაგრამ ისეთ დონეზე, როგორც ჩვენთან არის, ფაქტია, რომ არსად არ არის“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა შეუძლებელია პროგნოზირება რა იქნება, თუმცა თავის დროზე რომ ტესტირებისთვის მიემართათ და უფრო ნათელი სურათი შექმნილიყო კარგი იქნებოდა, თუმცა „ეს მატარებელი წავიდა“.

„ახლაც შეიძლება რაღაცეების გაკეთება, მაგალითად ცარიელი სასტუმროები დგას. შეიძლება, რომ მათ ცოტა ფული მივცეთ და მერე ვეცადოთ, რომ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრები გადავიყვანოთ იზოლაციაში ნებაყოფლობით. ამ ყველაფერს უნდა ორგანიზება, დაგეგმვა და მთავრობა, რომელიც თავის თავზე აიღებს, რომელიც ჩვენ არ გვყავს“, - აღნიშნა მან.

ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ არავინ ფიქრობს სასწორის პინის მეორე მხარეს რა დგას.

„მთავრობა არ ფიქრობს, რომ ეკონომიკის გაჩერებით ადამიანების სიცოცხლეს დავკარგავთ. დღეს ქვეყნის დღის წესრიგი მიყავთ ეპიდემიოლოგებს, რაც სახიფათოა. ეს ბევრ ქვეყანაში ხდება, მაგრამ მარტო ეპიდემიოლოგების აზრის გათვალისწინება არ არის სწორი. გაცილებით უფრო სწორი სტრატეგიებია საჭირო, ცოტა მეტი ეკონომიკური აქტივობები მაინც უნდა დაგვეშვა, რადგან ეკლესიას ვერ ვეუბნებით, რომ აღდგომას დიდი რაოდეობით მლოცველები არ შეკრიბოს და ამის დასაკომპენსირებლად ყველა დანარჩენი სახლში შეკეტეს. ამის შედეგად გვაქვს ეკონომიკური აქტივობის სრული გაჩერება და ეს კატასტროფაა“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.