მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზემო ოსიაურის 265 მილიონიან მონაკვეთს სინოჰიდრო ააშენებს

5fe5be91e4869
შოთა ტყეშელაშვილი
25.12.20 15:45
2892
საქართველოს მთავრობა ჩინურ კორპორაცია "სინოჰიდროსთან" აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის კიდევ ერთ კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების ღირებულება 264,992,488 ლარი იქნება და მის ფარგლებში ჩინურმა კორპორაციამ ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის (კმ 7+700 - კმ 14+060) მონაკვეთი უნდა ააშენოს. 

პროექტის განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა და მისი სავარაუდო ღირებულება 354 მილიონი ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა სულ 10-მა პრეტედენტმა მიიღო, რომელთა უმეტესობაც ჩინური სახელმწიფო კომპანიები იყვნენ. ერთადერთი ქართული მონაწილე "ბლექ სი ჯგუფი" იყო, რომელიც გზების დეპარტამენტს პროექტის აშენებას 303 მილიონ ლარად სთავაზობდა. 

"სინოჰიდრო" საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია, რომელსაც სახელმწიფომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო ხელშეკრულებები გაუფორმა. მათ შორისაა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, თბილისი-რუსთავის მონაკვეთის პირველი და მესამე სექციის მშენებლობა; ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაო ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 5.8-კილომეტრიანი მონაკვეთი; სამტრედია-გრიგოლეთის 19.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს "სინოჰიდროს" შემოსავალი საქართველოში 122 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 17.7 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს გარდა "სინოჰიდრო" პროექტებს ბანგლადეშში, პაკისტანში, უგანდაში, შრი-ლანკასა და ალჟირში ახორციელებს. კომპანია ძირითადად ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე სპეციალიზდება, თუმცა საქართველოში ის ავტობანის მშენებლობით არის დაკავებული.

რამდენი მილიონის წმინდა მოგება აქვთ საქართველოში მთავრობის კონტრაქტორ ჩინურ კომპანიებს.