მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის გეგმა საკმარისად ვერ პასუხობს კრიზისის მასშტაბს - გიგლა მიქაუტაძე

5e84b7a5ab1e4
BM.GE
01.04.20 20:20
756

მთავრობის გეგმა საკმარისად ვერ პასუხობს კრიზისის მასშტაბს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

"ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმას, რომ მთავრობამ, მართალია, საკმაო დაგვიანებით, მაგრამ გაასაჯაროა ანტიკრიზისული გეგმის გარკვეული კონტურები. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს გეგმა მოკრძალებულად გამოიყურება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მასშტაბთან მიმართებით. ის ადეკვატურად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა და ტოვებს ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას, მათ შორის ეკონომიკის სტიმულირებისათვის და ბიზნესის დასახმარებლად გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები და ექსპერტები ერთხმად საუბრობენ კორონაკრიზისის უპრეცედენტო მასშტაბზე.

დღეისათვის ძნელია, ზუსტად განისაზღვროს ამ კრიზისის უარყოფითი ზეგავლენა ეკონომიკაზე და თითოეული ოჯახზე, მაგრამ 31 მარტს გაეროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც COVID-19-ის სოციალურ-ეკონომიკური გავლენების შესახებ ჩატარდა, ვირუსის წინააღმდეგ განსახორციელებელი ღონისძიებების ღირებულება და ამ პანდემიის შედეგად ეკონომიკაზე მიყენებული ზარალი უტოლდება მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 10 %-ს და მოუწოდებს მსოფლიოს მთავრობებს მასშტაბური და კოორდინირებული ღონისძიებებისკენ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ ზარალის ზომას. ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი ვერ იქნება ამ მიმართებით. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც უნდა იყოს გაცილებით თამამი და კომპლექსური.

ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ „ლელოს“ ანტიკრიზისული მოდელი, რომელიც 6 მილიარდი ლარის მოცულობისაა და ითვალისწინებს 4 მიმართულებას:

1. 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდის შექმნა ბიზნესისთვის;
2. 1 მილიარდი ლარის სოციალურ პაკეტები მოსახლეობისთვის;
3. 1 მილიარდი ლარის მობილიზება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სოფლის მეურნეობის სტიმულირებისთვის;
4. 1 მილიარდი ლარის (300 მილიონი აშშ დოლარი) სავალუტო რეზერვების გამოყენება ლარის კურსის სტაბილურობისთვის 3 თვით დადგენილი საკურსო კორიდორის ფარგლებში.

კვლავ გვინდა დავადასტუროთ ჩვენი მზადყოფნა, რომ მთავრობასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ინტერპარტიულ სამუშაო ფორმატში და განვიხილოთ ჩვენ მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმის ყველა დეტალი", - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.