მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია და ბადებს ეჭვს" - კონსორციუმი

5e834b5e3ca85
თელარა გელანტია
31.03.20 17:55
1125
„მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია და ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება”, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ინვესტორი APM Terminals-ისთვის ფოთის პორტის გაფართოებისთვის მიწათსარგებლობის ნებართვის მინიჭებას ეხმაურება.

კონსორციუმი აღნიშნავს, რომ ფოთის პორტი ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩამნაცვლებელი და რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანის განვითარებისთვის კრიტიკულად აუცილებელია ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა.

„არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს მთავრობა აცხდებდა, რომ მისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ფოთში უფრო საინტერესოა, ვიდრე ანაკლიაში. ამ უკანასკნელზე კი პირველი არჩევანი საფუძვლიანი მსჯელობის შედეგად გაკეთდა 2014 წელს განხორციელებული დამოუკიდებელი ექსპრტების ანალიზის საფუძველზე. ცოტა ხნის წინ ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ - „ეი-პი-ემ ტერმინალს“ (APMT) - გამოაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან მიიღო მიწათსარგებლობის ნებართვა.

მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია და ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება. გარდა ამისა, გაუგებარია მთავრობის ნაბიჯები. ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში გასცა მთავრობამ იგივე მიწათსარგებლობის ნებართვა კომპანიაზე APMT, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჩამოერთმია. უფრო მეტიც, მთავრობამ განცხადება გააკეთა ანაკლიის პორტის ახალი ტენდერის გამოცხადების განზრახვის შესახებ. მთავრობის ასეთი არათანმიმდევრულობა გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს ინვესტორებსა და კრედიტორებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადების სრული ტექსტი