მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის მიზანი რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა - მინისტრი

60fa7bf70c897
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.21 13:15
770
"საქართველოს მთავრობის და ჩვენი სამინისტროს მიზანი რეგიონების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი მომდევნო 10 წლის განმავლობაში, სხვადსხვა სფეროში 31 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდება და წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება, მთელი ქვეყნის მოსახლეობას სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე სრული ხელმისაწვდომობა ექნება, ქვეყნის ყველა მუნიციპალური ნაგავსაყრელი თანამედროვე რეგიონული ცენტრებით ჩანაცვლდება, რეგიონები სოციალურად და ეკონომიკურად განვითარდება, ხოლო მუნიციპალიტეტები გაძლიერდება და მათი შესაძლებლობები გაიზრდება.

„ბუნებრივია, ყველა სტრატეგიას გააჩნია შესაბამისი ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უნდა გავზომოთ ჩვენი გეგმების შესრულების ეფექტიანობა, კერძოდ: ამჟამად სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს 118 კმ მაგისტრალზე და 2030 წლისთვის ექსპლუატაციაში შესული იქნება 760 კმ მაგისტრალური გზა, რაც აისახება საგზაო უსაფრთხოების ხარისხსა და გადაადგილების დროზე. რაც შეეხება წყალმომარაგებას, 2025 წლისთვის ყველა ქალაქში, 2030 წლისთვის კი მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იქნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტის შესაბამის სასმელ წყალზე. 2025 წლისთვის აშენდება მყარი ნარჩენების მართვის 4 რეგიონული თანამედროვე ცენტრი, ხოლო 2030 წლისთვის 6-ვე რეგიონული ცენტრი დასრულდება, რომელიც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს 54 ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელს. მუნიციპალიტეტების ფინანსურად გაძლიერების მიმართულებით, სტრატეგიის შესაბამისად, 2025 წლის ბოლოსთვის თვითმმართველობების შემოსულობები მშპ-ის არანაკლებ 7% იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.