მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის მიზნობრივი დახმარების სქემას მსგავს კრიზისულ სიტუაციაში, რისკები ახლავს - ISET

5ea69130d9050
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.20 14:36
1518
კვლევითი ინსტიტუტი ISET მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს. როგორც BM.GE-სთან საუბრისას კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა ანა ბურდულმა განაცხადა, "მთავრობის მიზნობრივი დახმარების სქემას მსგავს კრიზისულ სიტუაციაში ახლავს რისკები".

ანა ბურდული იმ რისკებს განმარტავს, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ახლავს. 

"ზოგადი შეფასებით, მთავრობას ჰქონდა არჩევანი, უნივერსალურობის პრინციპზე დაყრდნობით, შეექმნა დახმარების სქემა და შემდგომ გამოერიცხა ისეთი ჯგუფები, რომლებიც არ საჭიროებდნენ დახმარებას, ან მეორე ვარიანტი, რა გზაც სახელმწიფომ აირჩია, თავიდანვე მოეხდინა იდენტიფიცირება იმ ხალხის, ვინც დაზარალდა და მათ დახმარებოდა. შემოთავაზებული მიზნობრივი დახმარების სქემას მსგავს კრიზისულ სიტუაციაში ახლავს რისკები, რომელიც დაკავშირებულია თვითდასაქმებულების და არაფორმალურ სექტორში მომუშავეთა იდენტიფიცირებასთან. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ჯგუფებიდან რაღაც ნაწილი შეიძლება დახმარების გარეშე დარჩეს. თვითდასაქმებულების მიერ იმის დასაბუთება, რომ წარსულში იყვნენ დასაქმებულნი და ჰქონდათ შემოსავალი, შეიძლება მარტივი იყოს, თუმცა იმის ჩვენება, რომ დღეს მათ ნამდვილად აღარ აქვთ შემოსავალი, გართულდება.

ამასთანავე, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა ნაწილი, რომელიც ამავდროულად მიზნობრივი სოციალური დახმარების ბენეფიციარია, დადგება დილემის წინაშე, გაამჟღავნოს თუ არა დაკარგული სამსახურის შესახებ, რამაც შეიძლება მათი ნაწილი გამოთიშოს დახმარების სქემიდან. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სოციალური დახმარების მიმღები ყველაზე მოწყვლადი ოჯახებიდან (0-დან 65,000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით) დახმარებით ისარგებლებენ მხოლოდ ის ოჯახები, რომელთაც სამი და მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ", - ამბობს ანა ბურდული.  

მკვლევარი ასევე აღნიშნავს, რომ "ზრუნვის პაკეტი" არასამართლიანად ნაწილდება ფორმალურად და არაფორმალურად დასაქმებულ მოსახლეობაზე. 

"გარდა ამ გამოწვევებისა, ანტიკრიზისული გეგმის სოციალური ნაწილი ითვალისწინებს არაპროპორციულ თანხობრივ დახმარებას დასაქმებულებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის. გეგმით გაწერილია ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება თვთდასაქმებულებისათვის და 1 200 ლარი, ჯამურად 6 თვის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულთათვის, ვინც დაკარგა სამსახური და/ან იმყოფება უხელფასო შვებულებაში. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ დაქირავებით დასაქმებულები უფრო მეტ შემოსავალს კარგავენ, თუმცა მსგავსი არაპროპორციული დახმარება არასამართლიანია იმ თვითდასაქმებულებისათვის, რომლებიც შემოსავლის დაკარგვის მაღალი რისკის ქვეშ არიან. ასეთი, ჩვენი შეფასებით, 125 ათასი ადამიანია.

მაგალითისთვის, შეგვიძლია განვიხილოთ დაქირავებით დასაქმებული სტილისტი, რომელიც 6 თვის განმავლობაში მიიღებს თვეში 200-ლარიან დახმარებას და თვითდასაქმებული სტილისტი, რომელიც მხოლოდ ერთჯერადად მიიღებს 300 ლარს", - განმარტავს ანა ბურდული.

კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი აღნიშნავს, რომ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში COVID-19-ის მოკლევადიან სოციალურ ეფექტებზე, წარმოდგენილი იყო სოციალური დახმარების პოლიტიკის ოპტიმალურთან მიახლოებული ვარიანტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები, რაც გარკვეულწილად განსხვავებულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან.

"ჩვენს კვლევაში განხილული სოციალური დახმარების პოლიტიკის ვარიანტებიდან, უპირატესობა მივანიჭეთ უნივერსალური სოციალური დახმარების სქემას - opt in/opt out პრინციპით, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს სისტემიდან იმ ინდივიდების ნებაყოფლობითი გამოსვლა, რომელთა შემოსავალიც კონკრეტულ ზღვარზე ნაკლებია, თუმცა არ საჭიროებენ დახმარებას. ასევე, აღნიშნული დახმარების სისტემა უზრუნველყოფს პროგრამაში ნებაყოფლობითი ჩართვის შესაძლებლობას მათთვის, ვისი შემოსავალიც გასულ თვეს დაწესებულ ზღვარზე მაღალი იყო, თუმცა დაკარგა შემოსავალი. მსგავსი მექანიზმი უპირობო უნივერსალური ფულადი გადარიცხვებით გამოწვეულ ფისკალურ წნეხს შეარბილებდა, ასევე, სისტემაში ინდივიდების არასწორად ჩართვის, ან გამორიცხვის ცდომილების შეამცირებდა. ჩვენი გათვლებით, დახმარების ეს პროგრამა მთავრობას საშუალოდ თვეში 454 მილიონი ლარი დაუჯდებოდა", - განმარტა ISET-ის მკვლევარმა.