მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის სარეზერვო ფონდის ჭერი 721 მლნ ლარამდე გაიზარდა

5e764eddd1a2d
შოთა ტყეშელაშვილი
21.03.20 21:28
2108
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დადგენილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაამტკიცა. კენჭისყრის მიხედვით, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დადგენილებას მხარი 115 დეპუტატმა დაუჭირა. დადგენილება 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მისი მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობის მაქსიმალური ჭერი 721.6 მილიონი ლარით განისაზღვრა. 

დეკრეტის მიხედვით, მთავრობას უფლება ეძლევა სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მთლიანი ოდენობის 5%-მდე გაზარდოს. 

2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების მთლიანი მოცულობა 14,432,865,700 ლარს შეადგენს, რისი 5%-იც 721,643,285 ლარს შეადგენს. სწორედ ეს თანხა იქნება სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა სარეზერვო ფონდს ავტომატურად 721 მილიონ ლარამდე ზრდის, ეს ნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ხარჯვამ შეიძლება 2020 წლის ბიუჯეტის 5%-ს მიაღწიოს. უშუალოდ როგორი იქნება ხარჯვა ეს მრავალ ფაქტორზე, მათ შორის პირველ რიგში თავად ვირუსის გავრცელების ტემპზე იქნება დამოკიდებული. 

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მილიონ ლარს შეადგენდა. 

ამასთან ერთად, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დეკრეტით დროებით ჩერდება ეკონომიკური თავისუფლების აქტის ჩანაწერი, რომელიც საგარეო ვალის ოდენობას მშპ-ის 60%-ის დონეზე ზღუდავს. 

“მუხლი 4. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, გამოიყენოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო უფლებები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 32-ე მუხლით განსაზღვრული საგანგებო ბიუჯეტი. 

მუხლი 5. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფარგლებში ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება, საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით, ასევე, შეაჩეროს ან შეზღუდოს სახელმწიფო შესყიდვები შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დეკრეტში. 

საქართველოს პრეზიდენტმა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დღეს საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში არ იზღუდება სიტყვის თავისუფლება, ტრანსპორტის გადაადგილება, არ წესდება საკომენდატო საათი და ა.შ. იზღუდება 10-ზე მეტი პირის დახურულ სივრცეში შეკრება. მუშაობას განაგრძობენ სასურსათო მაღაზიები, საფინანსო ინსტიტუტები და ა.შ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 49 და გამოჯანმრთელების ერთი შემთხვევა არის აღრიცხული.