მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთავრობისგან პასუხის იმედი რომ არ გვქონდეს, არც გავერთიანდებოდით” - რატიშვილი ასოციაციების მიმართვაზე

604a0ff9561c4
ლიკა გურაბანიძე
11.03.21 22:30
662

“მთავრობისგან პასუხის იმედი რომ არ გვქონდეს, არც გავერთიანდებოდით, თუმცა ჩვენი წარსული გამოცდილებით განცხადებების შედეგად რაიმე ხელშესახები გადაწყვეტილებების მომსწრე არ ვყოფილვართ,” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" პრეზიდენტმა ალექსანდრე რატიშვილმა რვა ბიზნესასოციაციის მიერ მთავრობისთვის გაგზავნილი მიმართვის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

ბიზნესასოციაციები მთავრობას მოუწოდებენ მოკლე ვადაში განხორციელდეს covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანა და ასევე გამოცხადდეს მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის დაწყების პერიოდი, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნას.

ვაქცინაციის საკითხის გარდა ბიზნესასოციაციები მთავრობას პოლიტიკური კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ და არსებული დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებენ. მოთხოვნებშია ისიც, რომ მომზადდეს პანდემიის პერიოდზე მორგებული (ერთწლიანი) საგადასახადო რეფორმა/საშეღავათო პაკეტი განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის კუთხით - ექსპერტებისა და ბიზნეს ასოციაციების ჩართულობით.

როგორც რატიშვილმა განმარტა, ბიზნესს საქმე “საშველად” აქვს და მათი მოთხოვნებიც შესაბამისია. მისივე თქმით, ასოციაციები მთავრობასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში კონკრეტულ კონსესუსამდე მისვლას ელოდებიან.

“ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანამ როგორმე სწრაფად და ეფექტურად უნდა დააღწიოს თავი. ვაქცინაცია თითქოს უშუალოდ ჩვენი განსახილველი საკითხი არ უნდა იყოს, მაგრამ სწორედ ამაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ბიზნესის და ეკონომიკის მდგრადობა. ის, რომ პანდემია 2021 წელს არ დასრულდება, ყველასთვის ცხადია და მასთან კიდევ მინიმუმ ერთი წელი გვექნება საქმე. ვინც გვეუბნება, რომ ვაქცინაცია მარტის ბოლოს მოხდება, ზუსტად ეს ადამიანები თებერვლის ბოლოსთვის ვაქცინაციის დაწყებაზე საუბრობდნენ. თუმცა საბოლოოდ შედეგი არ დადგა. მზად ვართ, ვაქცინაციაში მონაწილეობა კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მივიღოთ.

ასევე ვფიქრობთ, რომ თუ მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართ საშეღავათო დახმარების ღონისძიებები არ გატარდა და ეს ბიზნესები გაკოტრდნენ, ბიუჯეტში გადასახადები არ შევა. დღეს კომპანიები სულს ღაფავენ. ამიტომ ერთწლიანი გეგმა ყველა მხარის ჩართულობით უნდა შემუშავდეს. რაც მთავარია, სისტემური გადაწყვეტა უნდა მოხდეს პრობლემის და არა დარგების მიხედვით", - განმარტა რატიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც რატიშვილმა ეს განცხადება გააკეთა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია ამ შაბათს შემოვა. შესაბამისად ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებას მომდევნო კვირიდან ელოდებიან.