მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობისგან ველოდებით ადეკვატურ პასუხებს", - ირაკლი კოვზანაძე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე

5d8a51af03646
სალომე მეცხვარიშვილი
24.09.19 21:44
854
ფინანსთა სამინისტროსგან და ზოგადად მთავრობისგან ველოდებით ადეკვატურ პასუხებს შემაჯამებელ სხდომაზე, რომელიც 7 ოქტომბერს გაიმართება და რომელზეც 2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განვიხილავთ, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის კომენტრირებისას, რომელიც მიმდინარე წელს ბიუჯეტის კორექტირებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, იზრდება შიდა ვალი, მთავრობა ასევე ითხოვს დამატებით თანხებს დაგროვებითი საპენსიო სქემისთვის, იზრდება რიგი სამინისტროების, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება.

კოვზანაძის თქმით, შემაჯამებელ სხდომაზე შესაძლოა, კითხვები შეეხებოდეს მათ შორის იმას, რის საფუძველზე იზრდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება.

"2019 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოიტანა მთავრობამ. მაკროეკონომიკური ზრდის პარამეტრი იგივეა, 4.5%-ის დონეზეა შენარჩუნებული. ასიგნებების ნაწილში არის ზრდა 223 მილიონით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ხარჯვა 2019 წელს მიაღწევს 13 მილიარდ 330 მილიონს, მსგავსი რიცხვი არ გვქონია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 130 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს ხარჯები, ასევე იზრდება იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების ხარჯები. ასევე არის შემცირება ეკონომიკის სამინისტროს კუთხით. საბიუჯტო კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ ყველა კომიტეტში იყოს განხილვა. იმ ვარაუდით, რომ შემაჯამებელი სხდომა 7 ოქტომბერს გავმართოთ და არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა, სესიაზე დავამთავროთ ამ პროექტის განხილვა.

არის შიდა ვალის ზრდა... კარგია, რომ ეს პროექტი განხილვაში მოექცეს ყველა კომიტეტში. ეს (შიდა ვალის ზრდა) გათვალისწინებულია იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტროს აქვს ხარჯების ზრდა, საპენსიო ფონდი იზრდება, იუსტიციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები იზრდება. რაც შეეხება ლარის კურსს, ის გათვლილია 2.96-ზე. ლარის კურსს ბიუჯეტში ვდებთ იმისტვის, რომ ვიანგარიშოთ მხოლოდ საგარეო ვალი და სხვა არაფერი", - აცხადებს კოვზანაძე.