მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს მშენებლობაზე ტენდერი მეორედ ჩაიშალა

6024df4c0a4a6
ანუკა ჯოხაძე
11.02.21 11:39
780
სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის გამო უარყოფითი შედეგით დასრულდა. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე განთავსდა.

ქ. თბილისში რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობა 7 374 362 ლარად იყო შეფასებული. პრეტედენტი კი "კავკასუს როუდ პროჯექტი" იყო. სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია შესაბამისი გამოცდილების არ ქონის გამო მისცა.

რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს ტენდერი აქამდეც იყო გამოცხადებული და ერთხელ უკვე ჩაიშალა, გასული წლის ნოემბერში.

7 მილიონ 374 ათასი ლარი - ეს საბაგიროს მშენებლობის ძირითადი ხარჯები არაა, რადგან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია, მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს დასასრულებლად კომპანია DOPPELMAYR-ს დამატებით 1.85 მილიონ ევროს, ანუ 7.4 მილიონ ლარს გადაუხდის. ავსტრიულმა კომპანიამ ამ თანხით თბილისში საბაგიროს მოწყობისთვის სხვადასხვა სახის საინჟინრო სამუშაო უნდა შეასრულოს.

ცნობისთვის, მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს განხორციელება თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა.

2012 წელს გაფორმებული კონტრაქტით, საბაგირო გზის ტექნოლოგიური ნაწილი უკვე წარმოებულია და მასში 4 მილიონი ევრო არის გადახდილი. თუმცა აღნიშნული მასალები საქართველოში საბაგიროს კონსტრუქციის დაუმთავრებლობის გამო არ გამოგზავნილა და ის შვეიცარიასა და ავსტრიაში კომპანია Doppelmayr-ის საწყობებში ინახება.

პროექტის გაჭიანურება რუსთაველის გამზირზე საბაგიროს ადგილმდებარეობის ცვლილებას უკავშირდება. თავდაპირველად საბაგიროს ქვედა სადგური სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ განისაზღვრა. ტერიტორიის მიმდებარედ საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა, თუმცა 2016 წელს დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, "რედისონის" ნაცვლად, საბაგიროს ბოლო გაჩერებად "მეცნიერებათა აკადემიის" შენობა განისაზღვრა.

დედაქალაქის მერიამ საბაგიროს სადგურის ასაშენებლად, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარედ არსებული 11 საცხოვრებელი ფართის ტერიტორია უკვე გამოისყიდა.