მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და "ქართული ოცნების" მავნებლურ პოლიტიკაზე - გრიგოლ გეგელია

5ec7dab402a88
BM.GE
22.05.20 18:00
1052
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით სავალალოა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ სხვა სახელმწიფოებს ესმით ის, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის.

როგორც გეგელია აცხადებს, ევროპარლამენტი, კონგრესმენები, მაღალი ჩინის სამხედრო პირი, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პორტის აშენება უნდა გახდეს საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ინტერესი.

მისივე თქმით, ყველა ფაქტი, ყველა სტატისტიკური მონაცემი მოწმობს, რომ ანაკლიის აშენება არის ჩვენი ქვეყნის არნახული სტრატეგიული გაძლიერების საწინდარი, რომელიც გამოიწვევს მასობრივ დასაქმებას, საქართველოს საერთაშორისო სტატუსის ამაღლებას, სამხედრო და ეკონომიკურ განვითარებას.

"სამარცხვინოა, რომ ქართულმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა უმნიშვნელოვანესი პროექტის ჩასაშლელად, რაც პირდაპირ კვეთაშია რუსეთის ინტერესებთან. დღეს კი ვისმენთ ამ ხელისუფლების სრულიად ყალბ და თვალთმაქცურ განცხადებებს, თითქოს ანაკლიის აშენება მათ პრიორიტეტს წარმოადგენს. რაში გამოიხატება ეს პრიორიტეტი? რატომ გააკეთეს ყველაფერი ფაქტიურად გამზადებული პროექტის ჩასაშლელად? ვის სჯერა, რომ ამ ხელისუფლებას ოდესმე აინტერესებდა ანაკლიის აშენება?", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეში, ევროპარლამენტმა, კონგრესმა და ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა შეახსენა ამ არაკომპეტენტურ მთავრობას ანაკლიის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.

"ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ თქვა, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში, ანაკლიას ენიჭება ახალი მნიშვნელობა ქვეყნის სატრანსპორტო და სავაჭრო დამოუკიდებლობის გაზრდაში. კონგრესმენი კინზინგერი, საქართველოს მნიშვნელოვანი მეგობარი, პირდაპირ აცხადებს, რომ იმედი აქვს, "რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება". ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ბენ ჰოჯესი გვახსენებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მთლიანად შეცვლიდა სურათს, რადგან ევროპული ქვეყნები ანაკლიაში ჩადებდნენ მნიშვნელოვან ინვესტიციას, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელ კარიბჭეში, რაც საქართველოს სამხედრო და ეკონომიკურ სტატუსს მრავალჯერ აამაღლებდა.

მთელი მსოფლიოს ვერდიქტი ცნობილია, როგორც ანაკლიაზე, ასევე "ქართული ოცნების" მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე, რომელმაც ყველა ჯერზე დააზიანა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.