მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთის კურორტების კომპანიის” დირექტორმა ანაზღაურება უკანონოდ გაიზარდა და მეტობით 109,000 ლარი აიღო

608af63fceedb
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.21 00:00
4291
ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დირექტორმა ხელფასი უკანონოდ გაიზარდა - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში არის ნათქვამი.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კანონმდებლობის თანახმად ამ სახელმწიფო კომპანიის დირექტორის ანაზღაურება მისი უშუალო ზედამხედველი უწყების - სახელმწიფო ქონების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება. შესაბამისად, კომპანიის დირექტორი არაუფლებამოსილი პირია იმისთვის, რათა საკუთარი ხელფასის შესახებ ბრძანება გამოსცეს. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, კომპანიის დირექტორმა - სანდრო ონოფრიშვილმა სწორედ ეს მოთხოვნა დაარღვია და ხელფასი გაიზარდა, რის შედეგადაც 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე მეტობით 109,000 ლარის ხელფასი აიღო.

“სახელმწიფო ქონების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2,900 ლარის ოდენობით. კომპანიის დირექტორმა ბრძანებით, 99 საკუთარი შრომის ანაზღაურება გაზარდა 7,500 ლარამდე. აღნიშნული ოდენობა ძალაში იყო სააგენტოს მიერ ახალი დირექტორის დანიშვნამდე, 100 რომლის შრომის ანაზღაურებად ისევ 2,900 ლარი განისაზღვრა. დირექტორის ბრძანება101 შრომის ანაზღაურების 7,500 ლარამდე გაზრდის თაობაზე, გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რამდენადაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მიეკუთვნებოდა სააგენტოს კომპეტენციას. კომპანიის განმარტებით, სააგენტოს რეგულარულად ეგზავნება საშტატო განრიგი და აქედან გამომდინარე სააგენტო ინფორმირებული იყო დირექტორის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით.

არაუფლებამოსილი პირის მიერ შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რის შედეგადაც 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება უსაფუძვლოდ გაიზარდა ჯამში − 109,021 ლარის ოდენობით,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ეს ერთადერთი ტიპის დარღვევა არაა რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიაში აღმოაჩინა. დარღვევებს შორისაა დაუსაბუთებლად, ტონობით საწვავისთვის ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯები.

კიდევ უფრო საგანგაშოა აუდიტის დასკვნა იმის შესახებ, რომ “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” 159 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კონტრაქტები ისე გააფორმა, რომ ამ პროექტების სამშენებლო ნებართვები გაცემული არ იყო.

საკითხზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.