20.ოქტომბერი .2021 09:45

“მთის კურორტების მიმართ ყურადღება ნაკლებია“ - SkiGeorgia

“მთის კურორტების მიმართ ყურადღება ნაკლებია“ - SkiGeorgia
views 342
უკან

„დიდი იმედი მაქვს, ზამთრის ტურისტული სეზონის ჩატარებაში ხელი არ შეგვეშლება“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მეხუთე ტალღის დაწყების პირობებში შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას შეეხებოდა. მან განმარტა, რომ საქართველოს ზაფხულის ტურისტული სეზონის მართვის გამოცდილების მთის კურორტებზე ზამთრის ტურისტული სეზონის მართვაც შეუძლია, თუმცა მთის კურორტებზე სეზონის გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ბაკურიანში „კოხტას“ დაზიანებული საბაგიროს აღდგენისა და დიდველის ტერიტორიის გათოვლიანების სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებით გამარტივებული შესყიდვები გამოცხადდა.

რა ბედი ელით მთის კურორტებზე მოქმედ ბიზნესობიექტებს და როგორია ტურიზმის დარგის წარმომადგენლების მოლოდინები - ამ კითხვებით BM.GE-მ კომპანია Skigeorgia-ს დამფუძნებელ დანიელ დოინიცინს მიმართა, რომელიც მთის კურორტებზე არსებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ უწყობს ხელს.

დანიელ დოინიცინი აცხადებს, რომ მთის კურორტებზე სეზონის დაწყებისა და მასთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებსა თუ სხვა სახის აქტივობებზე ინფორმაცია არ აქვს.

„ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დაიწყო საუბრები იმაზე, რომ მძიმე ნოემბერი გველის წინ, არ ვიცით სახელმწიფო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. განსაკუთრებული მოლოდინები, რომ მთის კურორტებს გახსნიან, არ გვაქვს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთის კურორტების მართვის კომპანია გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს, რათა ინფრასტრუქტურის გამართვა შეძლოს. არ მესმის რა საჭიროა სიჩქარე, როდესაც გასულ სეზონზე კურორტები თითქმის არ მუშაობდა და დღემდე მათ ჰქონდათ დრო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროულად განეხორციელებინათ. ამაში არასწორი მენეჯმენტის ნიშნებს ვხედავ“, - ამბობს დანიელ დოინიცინი.

დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია გასულ წლებში ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ძალიან ბევრ წერილს იღებდა, რომელშიც ტურისტები საქართველოში ჩამოსვლის სურვილს გამოთქვამდნენ. დღეს კი ეს არ ხდება და ფიქრობს, რომ შესაბამისად, საქართველოს მთის კურორტების მიმართულებით ტურისტების ინტერესები შემცირებულია.

„ძალიან რთული სათქმელია ეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან არასწორი მარკეტინგული კამპანიების თუ არსებული მძიმე მდგომარეობის ბრალია. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ტურისტები მთის კურორტების შესახებ - იქნება ეს რეგულაციები, საბაგიროებზე არსებული წესები, კურორტების გახსნა თუ სხვა, ინფორმაციას ვერ იღებენ. ვებგვერდები, სადაც ამ ინფორმაციის მიღება შეიძლება, გათიშულია. ამ დროს რეგიონის ქვეყნები სარგებლობენ და მაქსიმალურ პოზიციონირებას ახდენენ. ჩვენთან არის მზადება სეზონისთვის, რომელიც ნაჩქარევია და რომელიც ბევრად ადრე შეიძლება დაწყებულიყო, თუმცა მეორე მხრივ არის ის, რომ განახლებული ინფორმაცია კოვიდ-რეგულაციების შესახებ არ არსებობს. სათანადო ინფორმაციას უწყებების მხრიდან ჩვენც ვერ ვიღებთ, რომ საჭირო აუდიტორიას მივაწოდოთ. კომუნიკაცია უწყებებთან არ გვაქვს. ვხედავთ, რომ მთის კურორტების მიმართ ყურადღება ნაკლებია“, - განაცხადა SkiGeorgia-ს დამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა