მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტებზე არსებული ბიზნესი ხელისუფლებას შეხვდა - გაიხსნება თუ არა საბაგიროები?

6012880f0eb08
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.21 15:00
2134
რამდენიმედღიანი აქციებისა და სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, რომელიც მთავრობის ადმინისტაციასთან ტურიზმის სექტორთან შეხვედრების პარალელურად ეკონომიკის გახნისა და მთის კურორტების ამოქმედების მოთხოვნებით იმართებოდა, გუშინ ეკონომიკის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მთის კურორტებზე მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მთის კურორტების მართვის კომპანიაში შედგა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის ორგანიზაცია „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გეგა სალუქვაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, მთის კურორტებზე მდებარე ბიზნესის წარმომადგენლებმა ოფიციალურ პირებს ის კვლევები გააცნეს, რაც მანამდე სექტორმა ჩაატარა და შეისწავლა, თუ როგორ შეიძლება მთის კურორტებზე ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესების გარეშე. გეგა სალუქვაძე ამბობს, რომ ოფიციალურ მხარეს მათთან კონკრეტული შეკითხვები ჰქონდა, რომელსაც დეტალურად უპასუხეს.

„აინტერესებდათ, რა პერიოდებშია მოსალოდნელი საბაგიროებთან რიგები; შევთავაზეთ, ავკრძალოთ ალკოჰოლის გაყიდვა და მუსიკის ჩართვა კაფეებთან, იმისთვის, რომ არ მოხდეს ხალხის თავმოყრა და არ იყოს ვირუსის გავრცელების საშიშროება; ავუხსენით, რომ აპარტ-ოტელი ეს მხოლოდ დასახელებაა და მას არ გააჩნია ისეთი სივრცეები, ლაუნჯის სახით, რომ იქ ბევრი ადამიანი კონცენტრირდეს. ვისაუბრეთ, რა დისტანციაზეა პარკინგიდან საბაგიროები და სად შეიძლება შეიქმნას მაღალი ტრაფიკი.

მოვახსენეთ საბაგიროების ტექნიკური პარამეტრები, იმისთვის, რომ უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ. მთის კურორტებზე არსებული კლიმატის გამო, იქ მუდმივ რეჟიმში დეზინფიცირება ვერ მოხდება, რადგან სითხე გაიყინება, ამიტომ ის შეთავაზებაც გვქონდა, რომ გონდოლით გადაადგილება შეძლოს მხოლოდ ერთმა ადამიანმა. ასევე, როგორ უნდა მოხდეს სათხილამურო ჩექმების დეზინფექცია სათხილამურო ბიზენსში და ა.შ.“, - განმარტა გეგა სალუქვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრას მთის კურორტების მართვის კომპანიის ხელმძღავანელი ირაკლი ჭირაქაძეც ესწრებოდა, რომელმაც საბაგიროებისა და სათხილამურო ტრასების ტექნიკური სამუშაობის 4-5 დღეში დასრულების მზაობა გამოთქვა, ნაცვლად სტანდარტული 10 დღისა.

„ეს უნდა იყოს სატესტო რეჟიმი და უნდა მოხდეს ამაზე დაკვირვება, როგორ შევძლებთ მდგომარეობის მართვას. თავად ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს 1.5 წელში დავუბრუნდებით, ამიტომ გვაქვს დაკვირვების დრო, როგორ შეიძლება მოხდეს ბიზნესის ამ პირობებში ოპერირება.

ახლა საჭიროა საკოორდინაციო საბჭომ დროულად განიხილოს და მიიღოს კურორტების გახსნის გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ მთის კურორტების მართვის კომპანიამ დააორგანიზოს ტრასების გამართულობა.

დაგვპირდნენ, რომ უმოკლეს ვადებში განიხილავდნენ საკითხს, თუმცა თარიღი, როდის უნდა ველოდოთ მათ გადაწყვეტილებას, არ ვიცით“, - განაცხადა გეგა სალუქვაძემ.

„დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სექტორი უახლოეს დღეებში საკოორდინაციო საბჭოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინშია, პარალელურად კი შაბათს, 30 იანვარს 15 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციას შაბათს, რადგან ვთვლით, რომ მთის კურორტებზე და სხვა რეგიონებში მოქმედი ბიზნესები არათანაბარ პირობებში არიან. თუ სხვაგან შეუძლიათ სასტუმროებს ოპერირება წესების დაცვით, ჩვენც შევძლებთ. დასამარდება ბიზნესი, თუ მთის კუროტები არ გაიხსნება. აქციაზე მოვითხოვთ და კიდევ ერთხელ გავერთიანდებით საკუთარი უფლებების და აზრის დასაცავად“, - უთხრა BM.GE-ის გეგა სალუქვაძემ.