მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები შესაძლოა ერთმანეთს საბაგიროთი დაუკავშირდეს

5dc1843d500b1
თელარა გელანტია
05.11.19 18:24
1657
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, შესაძლოა, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები ერთმანეთს საბაგიროთი დაუკავშირდეს.

როგორც ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბაგიროების მოწყობის კუთხით, სპეციალისტების ჯგუფმა მერიას ჯამში, 123 მარშრუტი შესთავაზა, საიდანაც შეირჩა 20-მდე მარშრუტი და ამ 20-დან დედაქალაქის მთავრობამ 3 ძირითადი უნდა შეარჩიოს.

მისივე ინფორმაციით, კვლევის საბოლოო შედეგი დედაქალაქის მთავრობას ნოემბრის ბოლოს იქნება.

„იდენტიფიცირებული გვაქვს სამი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საბოლოო ჯამში, საფუძვლად დაედება თბილისში ახალი საბაგიროების განვითარებას. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ერთი საბაგიროსთვის გაკეთებული კვლევა, ეს არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დაკავშირების ახალი სქემა საბაგიროებით, რომელიც ვეცადეთ მკვლევარებთან ერთად შეგვედგინა ისე, რომ მაქსიმალურად მიმზიდველი ყოფილიყო ახალი საბაგირო ქსელი როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ასევე ტურისტული მარშრუტების კოორდინირებით.

შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება ძალიან საინტერესო სქემები თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, ასევე სამების ეკლესიასთან დაკავშირების კუთხით, ასევე ძველ თბილისთან საფეხმავლო ბილიკების ან პოტენციური საბაგიროების კუთხით. ეს არის უნიკალური კვლევა, რომელიც ცვლილებებს შეიტანს გენერალური გეგმის საბაგიროების ქსელში. ვფიქრობ, ძალიან დიდ პოტენციალად შეიძლება აღვიქვათ ის საბაგიროთა ქსელი, რომელიც სულ მალე ჩაბარდება მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა ბითაძემ.

რაც შეეხება კუს ტბის საბაგიროს, რომელიც ტექნიკური მიზეზების გამო გამორთული იყო, მაია ბითაძის ინფორმაციით, ადგილზე სამუშაოები ოთხ თვეში დასრულდება.

„ეს იყო გეგმური ინსპექტირების დროს აღმოჩენილი ხარვეზი, რომელიც უახლოეს მომავალში გამოსწორდება და სეზონს ეს საბაგირო გამართული შეხვდება”, - აღნიშნა მან.