მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთვრალაშვილი: „საწვავის ფასებთან დაკავშირებით პროგნოზები ოპტიმისტური ვერ იქნება“

615c8307dc540
თათია ჩაფიჩაძე
05.10.21 23:00
774
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, მომდევნო პერიოდში დიზელის საწვავზე ფასის ზრდაა მოსალოდნელი. როგორც BMG-სთან საუბრისას მთვრალაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში დიზელზე ფასი საშუალოდ 10-12%-ით გაიზარდა, რაც შეეხება ბენზინს, ამ ეტაპზე ფასი სტაბილურია.

„სექტემბერში ფასის ცვლილება არ დაფიქსირებულა, თუმცა წინა თვეებში ფასი პერმანენტულად იზრდებოდა. რაც შეეხება პროგნოზებს, პროგნოზები ოპტიმისტური ვერ იქნება. კონკრეტულად პროდუქტების მიხედვით თუ ვისაუბრებთ, ბენზინის ფასთან მიმართებით პროგნოზირებადია, რომ ის არ შეიცვლება, ვინაიდან საერთაშორისო ფასი პლატცის მიხედვით, სექტემბერში პრინციპში საშუალო პროგნოზირებად მაჩვენებელზე იყო. რაც შეეხება დიზელს, აქ განსხვავებული ვითარება გვაქვს. ფასი ტონაზე გაზრდილია დაახლოებით 75 დოლარით, რაც 10-12%-იანი მატებაა. ნავთობის ფასიც 10%-იანი მატებით ხასიათდება, შესაბამისად არის მოლოდინი რომ დიზელის საწვავზე ფასი რაღაც დოზით მოიმატებს. რთულია ზუსტ დროზე და მოცულობებზე საუბარი, თუმცა ზოგადად 3-5-თეთრიანი ბიჯებით ხდება ზრდა", - განაცხადა მთვრალაშვილმა.

საქსტატის ბოლო ინფორმაციით, ფასები ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა სატრანსპორტო ჯგუფში. სექტემბერში ტრანსპორტი 20.3%-ით გაძვირდა რაც მთლიან ინდექსზე 2.47%-ით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 29.3%-ით და სატრანსპორტო მომსახურებაზე 4.6%-ით.