მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუდმივი „მწვანე სტატუსი“ covid-გადატანილებისთვის - მთავრობის განცხადებების ქრონოლოგია

619e582ad3179
მარიამ ვარადაშვილი
24.11.21 19:30
1571
„მწვანე პასპორტის“ მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც კორონავირუსი 1 წლის გადატანილი აქვს”, - ეს სიტყვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ეკუთვნის. Bm.ge-მ თამარ გაბუნიას აღნიშნული მას შემდეგ დააკონკრეტებინა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს საზოგადოებას „მწვანე პასპორტის“ ქონის 3 პირობა გააცნო, მაგრამ არ დააკონკრეტა covid-ის გადატანის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქალაქე „მწვანე სტატუსით“ ისარგებლებდა.

8.11.21/ირაკლი ღარიბაშვილი: „მინდა, განმარტება გავაკეთო – იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება, ამიტომ „მწვანე სტატუსი“ ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე - ტურისტებისთვის.

8.11.21/თამარ გაბუნია: „არ არსებობს ერთგვარი მეცნიერული მტკიცებულება, რომ დაავადების გადატანიდან 6 თვე ნარჩუნდება ანტისხეულები, 9 თვე, ან უფრო მეტი. სხვადასხვა წყარო სხვადასხვანაირად მიუთითებს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ 6 თვე ოპტიმალური პერიოდი იყო, თუმცა რადგან სოციალური ჯგუფი ფიქრობს, რომ 12 თვე შესაძლოა დაცული იყოს, ვადად ასეც განისაზღვრა. რაც შეეხება ამაზე ხანგრძლივ დროს, 12 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, უკვე იმუნიტეტის ქონა საეჭვოა. ზოგადად, ადამიანებს ვურჩევთ, რომ კოვიდის გადატანიდან მალევე აიცრან“.

დღეს კი, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ თქვა, რომ "მწვანე სტატუსი" ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, გაკეთებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR/სწრაფი ტესტი დაგადატანილი აქვს covid-ინფექცია.

“კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას “მწვანე სტატუსი” ექნება მუდმივად”, - თქვა დღეს გიორგი ღიბრაძემ.

რატომ შეიცვალა „მწვანე სტატუსის“ ქონის ერთ-ერთი პირობა მის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე და რამდენად რელევანტურია აღნიშნული გადაწყვეტილება რეინფიცირების შემთხვევების გათვალისწინებით - ამ კითხვებზე პასუხის მიღებას მედია დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და NCDC-ის დირექტორისგან შეეცადა.

აღსანიშნია, რომ თამარ გაბუნიასგან განსხვავებით, ამირან გამყრელიძემ პირდაპირ თქვა, რომ ამ საკითხზე მას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

ამირან გამყრელიძე: "მწვანე პასპორტში 4 ინდიკატორია - ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში PCR-ის და ბოლო 24 საათში ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია განსხვავებული იყო. საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება გარკვეული დროით მიიღო. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს. საკოორდინაციო საბჭო ინტერსექტორალური ორგანოა, სადაც 25-მდე ადამიანია, საკითხი კონსესუსით მიიღება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად მიღებული იქნება.

თამარ გაბუნია: “ახლა ჩვენთვის მთავარია “მწვანე პასპორტი” როგორც მექანიზმი დაინერგოს და მეტად პოზიტიური განწყობები ახლდეს “მწვანე პასპორტის” შემოტანას, ვიდრე დამატებითი სტრესი და დისკომფორტი იყოს მოსახლეობისთვის. რაც შეეხება რეინფიცირებულთა რაოდენობას, ბუნებრივია, ამასაც შევხედეთ. სექტემბრისთვის, დაახლოებით, 5 ათასი ადამიანია მთელ ჩვენს კოჰორტაში, რომელმაც ინფექცია ხელახლა გადაიტანა. ამდენად, რეინფიცირების მაჩვენებელი ჩვენი ორწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, მაღალი არ არის”.

ე.წ. „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი საქართველოში 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. „მწვანე სტატუსის“ ფლობისთვის covid-გადატანილის სტატუსი რომ საკმარისია და ე.წ. ჩამკეტი არ იმოქმედებს, დიდი ალბათობით, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა. აღნიშნული მან ირიბად 8 ნოემბერსაც თქვა, ხოლო გუშინ, 23 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებელზე „მწვანე პასპორტებზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ რეგულაცია „შეამსუბუქა“.

ირაკლი ღარიბაშვილი: „მთელ მსოფლიოში შემოღებულია კოვიდ-პასპორტები. მე წარმომიდგინეს „მწვანე პასპორტების“ გეგმა, სადაც უფრო რთული ვარიანტები იყო წარმოდგენილი და მე შევამსუბუქე და მოვარგე არსებულ რეალობას და მოსახლეობის განწყობებს, რათა დაბალანდებული მიდგომა ყოფილიყო და ვფიქრობ, საკმაოდ დაბალანსებული მიდგომა გვაქვს".

24 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია 984 539 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.5%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, სამიზნე ნიშნული 60%-ის აცრაა.