მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მულტისავალუტო რეჟიმი: მსოფლიო გამოცდილება - ალექსანდრე რაქვიაშვილის ბლოგი

5f968d39623a8
ალექსანდრე რაქვიაშვილი
26.10.20 14:30
3879

მულტისავალუტო რეჟიმის კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ერთდროულ მიმოქცევაში ორი ან მეტი ვალუტა თითქმის არცერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი არგუმენტი სხვა უფრო რელევანტური არგუმენტის არქონაზე მიუთითებს, ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვა მართლაც რომ საინტერესოა, რადგან ის კარგად აჩვენებს თუ რა როლს თამაშობს ცენტრალური ბანკი და ეროვნული ვალუტა ეკონომიკაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, მსოფლიოში მონეტარული სისტემების მრავალფეროვნებაა. მაგალითად, საკუთარი ვალუტა არ გააჩნია მსოფლიოს 13 ქვეყანას, გარდა ამისა, ევროზონის 19 ქვეყნიდან, არცერთს არ აქვს ეროვნული ვალუტა და დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა, ხოლო ევროზონის პატარა ქვეყნებს კი, არ აქვთ რეალური გავლენა ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებზე. ეროვნული ვალუტა, ამა თუ იმ ფორმით, სხვა ქვეყნის ფულზე აქვთ მიბმული: ჰონგ-კონგს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბულგარეთს, საუდის არაბეთს, გაერთიანებულ საამიროებს, დანიას, მაროკოს, ხორვატიასა და 100-ზე მეტ სხვა ქვეყანას. საქართველოს მსგავსი სისტემა კი, სადაც მცურავი კურსია და ამავდროულად, ცენტრალური ბანკი ინტერვენციებს ახორციელებს, სავალუტო ბაზარზე სულ 35 ქვეყანაში გხვდება (ჩეხეთი, თურქეთი, ინდოეთი, კორეა, ახალი ზელანდია, არგენტინა, ზიმბაბვე, ზამბია და სხვა).

ამგვარი მრავალფეროვნება გასაგები გახდება თუ გავიხსენებთ, რომ ცენტრალური ბანკი, თავისი არსით, ბანკების სუბსიდირების და ფარული დაბეგვრის ინსტიტუტს წარმოადგენს. განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცენტრალური ბანკის დაარსება ბანკირების ხანგრძლივი ლობირების შედეგი იყო. რაც შეეხება ღარიბ ქვეყნებს და განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, სადაც სოციალიზმიდან ტრანსფორმაცია მოხდა, ცენტრალური ბანკი მთავრობის და მთავრობასთან დაახლოებული ინტერესთა ჯგუფების შემოსავლების ზრდას ემსახურებოდა. მაგალითად, საქართველოში კუპონების ემისიამ, სავარაუდოდ, უფრო დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას და მეტი ადამიანი გააღატაკა, ვიდრე უშუალოდ საბჭოთა ეკონომიკის დაშლამ. თუმცა მასების გაღარიბებასთან ერთად, მთავრობასთან დაახლოებული პირები, რომლებსაც მხოლოდ პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობის უპირატესობა ჰქონდათ, მნიშვნელოვნად გამდიდრდნენ. ამ პერიოდში ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, უმრავლესობის ძარცვის ინსტიტუტს წარმოადგენდა. მსგავსი სიტუაცია, მაგრამ განსხვავებული ხარისხით, ბევრ სხვა ქვეყენაში დაფიქსირდა: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ვენესუელა, ზიმბაბვე, პოლონეთი და ა.შ. მოგვიანებით კი, როცა საქართველოს საბანკო სექტორი გაძლიერდა და მას საკმარისი ლობისტური რესურსი დაუგროვდა, ეროვნული ბანკის პოლიტიკა, მეტწილად, საბანკო სისტემის სუბსიდირებაზე გადაერთო, რამაც ინფლაციის ანუ ფარული დაბეგვრის შემცირება გამოიწვია.

ამავდროულად, იმ ქვეყნებში, სადაც ბანკირებს ლობისტური რესურსი არ გააჩნდათ და მთავრობა მოსახლეობის ძარცვაზე არ იყო ორიენტირებული, ეროვნული ვალუტა ან საერთოდ არ იყო გამოშვებული, ან გამოშვებულ იქნა მხოლოდ ნომინალურად, სხვა, შედარებით მყარ ვალუტაზე მკაცრად მიბმით.

მაგალითისთვის შეიძლება ესტონეთი განვიხილოთ. პოსტსაბჭოთა პერიოდის ესტონეთის მთავრობა იმით გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური რეფორმები გაატარა, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის. ამგვარი მიდგომა უპირველესყოვლისა გადასახადების შემცირებას გულისხმობდა, ამიტომ პოლიტიკოსებს არც დასჭირდათ ეროვნული ვალუტა, რისი მეშვეობითაც ისინი საკუთარ მოქალაქეებს დამატებით დაბეგრავდნენ.შედეგად, ესტონური კრონი პირველივე დღიდან გერმანულ მარკას მიება, მოგვიანებით კი, ევროს. მსგავსი ისტორია შეიძლება მოვყვეთ ლატვიაზე, ლიეტუვაზე, ჰონგ-კონგსა და მთელ რიგ სხვა ქვეყნებზე.

ეროვნულ ვალუტებს ასევე იშვიათად ვნახავთ წყნარი ოკეანის, კარიბის ზღვის და სხვა რეგიონების პატარა ქვეყნებში, რადგან იქ ფარული დაბეგვრის ინსტრუმენტები არ არის მოთხოვნადი (პატარა საზოგადოებაში ფარული დაბეგვრა, საბოლოო ჯამში, ფარული არ იქნება, ამიტომ ის, გარდა კონფლიქტებისა, არანაირ განსაკუთრებულ სარგებელს მთავრობას არ მოუტანს).

ამდენად, ეროვნული ვალუტა არის შედარებით დიდი ქვეყნების ატრიბუტი, სადაც მთავრობას მოსახლეობის ფარულად დაბეგვრის სურვილი გააჩნია ან/და ბანკირები თავისი ბიზნესის მომგებიანობის ზრდის მიზნით, სუბსიდირების და პროტექციონიზმის ლობირებას წარმატებით ახერხებენ.

ვალუტებს შორის კონკურენცია კი შედარებით იშვიათად გვხდება ზუსტად იმიტომ, რომ ის ჩნდება იქ, სადაც მთავრობის და ბანკების ინტერესებს სხვა ადამიანთა ჯგუფების ინტერესები უპირისპირდება.

ხშირად, ეს მეზობელ ქვეყნებთან, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობებით არის განპირობებული. მაგალითად, სინგაპურში სინგაპურის დოლართან ერთად, ბრუნეის დოლარია მიმოქცევაში; დიდ ბრიტანეთში გირვანქა სტერლინგთან ერთად, შოტლანდიის გირვანქა; წყნარი ოკეანის, კარიბის ზღვის და ლათინური ამერიკის ქვეყნები თავიანთ ვალუტასთან ერთად, ხშირად აშშ-ის, ავსტრალიის ან ახალი ზელანდიის დოლარს იყენებენ.

ვალუტების კონკურენცია ფინანსური სტაბილიზაციის მიღწევის ინსტრუმენტიც არის იქ, სადაც ცენტრალური ბანკის აქტივობამ ჰიპერინფლაცია გამოიწვია (მაგალითად, როგორც ეს მოხდა ზიმბაბვეში).

გარდა ამისა, ორი და მეტი ვალუტის გამოყენება ხშირია მოსაზღვრე ტერიტორიებსა და ტურიზმზე ორიენტირებულ ქვეყნებში. მაგალითად, გარდა ეროვნულისა, სხვა ქვეყნების ვალუტის ამა თუ იმ ფორმით გამოყენება დაშვებულია დანიაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, ჰონგ-კონგში და რიგ სხვა ქვეყანაში.

ამდენად, მონეტარული სისტემების მიმართ არ არსებობს რაიმე მსოფლიო აღიარებული სტანდარტი, პირიქით, კონკრეტული სისტემები ასახავენ ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებას. ქვეყნებში სადაც ძლიერი ბანკების ლობიზმს აქვს ადგილი ან/და შესაძლებელია მოსახლეობის ფარულად დაბეგვრა, ჩვენ ვხედავთ ცენტრალურ ბანკებს და ეროვნულ ვალუტებს, ხოლო შედარებით პატარა ქვეყნებში, ქვეყნებში, რომლის მთავრობა მონეტარული სისტემის დაარსების მომენტში ეკონომიკურ განვითარებაზე იყო ორიენტირებული, ან იქ, სადაც ბანკირებს განსაკუთრებული ძალაუფლება არ გააჩნდათ, ეროვნული ვალუტა საერთოდ არ იყო შემოღებული ან ის სხვა ქვეყნის ვალუტაზე იყო მიბმული.

ამავდროულად, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული მონეტარული სისტემის უკან თავისი ინტერესთა ჯგუფი დგას, ის საკმაოდ რთულად ექვემდებარება რეფორმებს, რის გამოც, მაგალითად ევროპაში არაერთი ნაციონალური მასშტაბის რეფერენდუმი ევროს შემოღების საწინააღმდეგოდ დასრულდა. ამიტომ საქართველოში, ვალუტებს შორის კონკურენცია სხვა უკეთეს სისტემებთან შედარებით არის პოლიტიკურად ყველაზე მარტივად მისაღწევი, რადგან თუ ადამიანები ლარის და ეროვნული ბანკის დესტრუქციულ ბუნებას დაინახავენ, მთავრობას და ბანკირების ინტერესებს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები დაუპირისპირდება, ხოლო დოლარის გამოყენების დიდი გამოცდილება, დოლარის ბრუნვაში დაშვებას გასაგებს, მისაღებს და სასურველსაც კი გახდის.