12.ოქტომბერი .2020 10:44

მულტისავალუტო რეჟიმის დადებითი მხარეები - ალექსანდრე რაქვიაშვილის ბლოგი

views 1337
უკან

ეროვნული ბანკის მიერ მონეტარულ პოლიტიკაში დაშვებულმა შეცდომებმა, რომლებსაც ლარის გაუფასურების მორიგი ტალღა მოჰყვა, ხელი შეუწყო მულტისავალუტო რეჟიმზე დისკუსიებს, ხოლო დოლარის ლართან თანაბარი უფლებებით გამოყენება ოპოზიციის მოლაპარაკების საკითხიც გახდა. ასეთი ყურადღება კი შემთხვევითი არ არის, რადგანაც მულტისავალუტო რეჟიმი ანუ სისტემა, როცა ქვეყანაში ორი ან მეტი ვალუტის ერთდროული მიმოქცევა არის დაშვებული, რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა. 

პირველ რიგში, მეტი არჩევანის თავისუფლება ნიშნავს, რომ ცალკეულ მოქალაქეს დამატებითი მოქნილობა უჩნდება, რომ ცვალებად ეკონომიკურ გარემოს უკეთ მოერგოს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მაგალითად, თუ ადამიანს ხელფასი დოლარში აქვს, მას აღარ მოუწევს დოლარში აღებული სესხის გამო დოლარის კურსზე ნერვიულობა; იმპორტზე მომუშავე ბიზნესმენი დოლარში ფასების გადაყვანით რისკების დაზღვევას შეძლებს და ა.შ.

მულტისავალუტო რეჟიმი ინვესტიციურ გარემოსაც აუმჯობესებს, რადგან უცხოურ ინვესტორებს ეროვნული ბანკის ქმედებებით გამოწვეული რისკების თავის თავზე აღება აღარ დასჭირდებათ.

მულტისავალუტო რეჟიმის ყველაზე დიდი უპირატესობა კი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გარდაუვალი ცვლილებაა. თუ ლარში გაზომილი ინფლაცია დოლარში გამოსახული ფასების ზრდაზე უფრო მაღალი იქნება, როგორც ეს თითქმის მთელი თანამედროვე ისტორიის მანძილზე ხდებოდა, სავარაუდოდ, საკმაოდ მოკლე ვადიან პერიოდში ლარი მიმოქცევიდან გავა და მოსახლეობა შედარებით მყარი ვალუტით გააგრძელებს ვაჭრობას. ამის თავიდან ასაცილებლად, ეროვნულ ბანკს უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება მოუწევს. ეს კი დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და განსაკუთრებით ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის შემოსავლებზე, რადგან ეროვნული ბანკი ლარის ემისიის მეშვეობით მოსახლეობის უმრავლესობის ხარჯზე საბანკო სისტემის სუბსიდირებას ახორციელებს ან/და ხელს უწყობს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას.

ეროვნული ბანკი მთავრობას შემოსავლის ზრდაში, ირიბად, ინფლაციის მეშვეობით ეხმარება. მაგალითად, როცა ეროვნული ბანკი ბაზარზე დოლარს ყიდულობს, ეკონომიკაში მეტი ლარი ჩნდება, რაც ლარის გაუფასურებას, ანუ ლარში გამოხატული ფასების ზრდას იწვევს. შედარებით მაღალი ფასების პირობებში, ბიუჯეტის შემოსავლებიც იზრდება, მაგალითად, დღგ-ს მეტი მოცულობის გამო, ხოლო ბიუჯეტის ხარჯები, როგორიც არის სოციალური დახმარება, საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასი, პენსია და ა.შ. ფიქსირებულია. ამიტომ ლარის ემისიის მეშვეობით, ირიბად, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა შესაძლებელი.

საბანკო სისტემის სუბსიდირება ხდება, როცა ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს დამატებით ფულად რესურსს აწვდის, მაგალითად, რეფინანსირების სესხის საშუალებით. ასეთ დროს ბანკები მოსახლეობის დაკრედიტებას ზრდიან, რასაც ფულის მასის ზრდა და შემდგომ ფასების მომატება მოყვება. ანუ, ბანკირებს უჩნდებათ შესაძლებლობა მეტი სესხი გასცენ და ამით მოგება გაზარდონ. ეს კი პენსიონრების, რიგითი დასაქმებულების და სხვა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ადამიანების ხარჯზე ხდება, რომლებსაც შეუცვლელი შემოსავლის და გაზრდილი ფასების პირობებში ნაკლები პროდუქტისა და მომსახურების შეძენის უნარი რჩებათ.

დოვლათის ამგვარი გადანაწილების მასშტაბის ზუსტი დათვლა შეუძლებელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველად 1995 წელს ბრუნვაში სულ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იყო, ხოლო დღეს ეს რიცხვი 12 მილიარდს აღემატება, ინფლაციის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღარიბმა მოსახლეობამ გაუცნობიერებლად და თავისი ნების წინააღმდეგ არაერთი მილიარდი ლარით დააფინანსა ბანკირები, მთავრობა და მათთან ეკონომიკურად ახლოს მყოფი ადამიანები.

ამდენად, ეროვნული ბანკი, თავისი არსით, არის ბანკების სუბსიდირებისა და ფარული დაბეგვრის ინსტიტუტი; ლარი - ეროვნული ბანკის ამ ფუნქციების შესრულებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია, ხოლო სხვა ვალუტების ბრუნვაში დაშვება - ფარული დაბეგვრის მექანიზმის ზომიერად გამოყენების ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს. ბუნებრივია, მულტისავალუტო რეჟიმი მთლიანად ვერ აღმოფხვრის ფულის ემისიის ნეგატიურ მხარეებს, მაგრამ უზრუნველყოფს ზარალის იმ დონეზე დაყვანას, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და შედარებით ღარიბი მოსახლეობის შემოსავლების სწრაფ ზრდას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა