მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების არაეფექტიანი ხარჯები – რას წერს აუდიტის სამსახური?

61d3f31f14ef9
დავით ჯალაღონია
04.01.22 13:17
1123
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2014-2019 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ების) მართვის აუდიტის ანგარიში განახორციელა, სადაც წერია, რომ ამ ორგანიზაციების მართვაში მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებები გამოვლინდა.

ერთ–ერთი მიგნების მიხედვით, ხშირად ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში გვხდება საერთო პროფილის რამდენიმე ა(ა)იპ. როგორც აუდიტის სამსახური წერს, მსგავსი სურათი განსაკუთრებით დამახასიათებელია კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის.

“ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, ცალ-ცალკეა განსაზღვრული ადმინისტრაციული პერსონალი (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ა.შ.). ა(ა)იპ-ების დაყოფა სათანადო დასაბუთების გარეშე ფინანსური რესურსების არაეფექტიან ხარჯვას იწვევს”, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

უწყების ინფორმაციით, არაეფექტიანი ხარჯების ერთ–ერთი მაგალითია სპორტის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ები.

“მუნიციპალიტეტებში ჯამში შექმნილია 127 სპორტული დაწესებულება, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ ივარჯიშონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 18 მუნიციპალიტეტში სპორტული დაწესებულების რაოდენობა 3 და მეტია. ხშირ შემთხვევაში სპორტის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ების რაოდენობა სათანადო დასაბუთების გარეშე არის გაზრდილი. სპორტული სკოლებიდან ხდება ერთი რომელიმე სპორტის სახეობის გამოყოფა და იქმნება ცალკე ა(ა)იპ, რაც რეალურად ზრდის ადმინისტრაციულ ხარჯებს ისე, რომ დამატებითი პროდუქტი არ იქმნება”, – წერს აუდიტის სამსახური.

ასევე, უწყების განმარტებით, კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტების მიდგომა ა(ა)იპ-ებისადმი, სპორტის სფეროს ანალოგიურია.

“2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 144 კულტურული დაწესებულება ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტები კულტურის სხვადასხვა სფეროს შემსწავლელი წრეებისთვის ცალკე იურიდიულ პირებს აფუძნებენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ადმინისტრაციულ ხარჯს და ხარჯების ზრდის პარალელურად არ ცვლის ორგანიზაციების პროდუქტიულობას. 19 მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროში დაფუძნებული ორგანიზაციების რაოდენობა 3-ზე მეტია. გვხვდება შემთხვევები როდესაც ცალკეულ მუნიციპალიტეტს კულტურის სფეროში 9-მდე ა(ა)იპ აქვს შექმნილი”, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

შედეგად, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ მუნიციპალიტეტების აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შეისწავლონ, ემყარება თუ არა ა(ა)იპ-ის შექმნა რეალურ საჭიროებებს და რამდენად არის ცალკე იურიდიული პირის დაფუძნება და ფუნქციონირება საუკეთესო ალტერნატივა მოსახლეობისთვის კონკრეტული სერვისების მისაწოდებლად.

“ასევე, განიხილონ მსგავსი ფუნქციებისა და მიზნების მქონე იურიდიული პირების კონსოლიდაციის შესაძლებლობა. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონკრეტული პროგრამების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, მსგავსი ფუნქციების მქონე ორგანიზაციებში ერთიანი პოლიტიკის დანერგვას, იურიდიულ პირებს შორის ფინანსური რესურსების ოპტიმალურ განაწილებას და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობას”, – ნათქვამია უწყების მიერ მომზადებულ ანგარიშში.

საერთო ჯამში, აუდიტის სამსახურის მიერ თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციების მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 64 მუნიციპალიტეტში შექმნილია და ფუნქციონირებს 723 ა(ა)იპ, რომელთა ჯამური გადასახდელები ამავე წელს 714,861.4 ათასი ლარი იყო, რაც ადგილობრივი ბიუჯეტების მთლიანი გადასახდელების 28%-ს შეადგენს.