მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მურმან მარგველაშვილი: "დიდი შეცდომა იყო ის, რომ ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა"

5dd2af75a2927
ნუცა ბაზლიძე
19.11.19 09:00
1813
„ევროკავშირთან ასოცირება, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში, არის არა ვალდებულება, არამედ შესაძლებლობათა კომპლექსი. ამ შესაძლებლობების ათვისებას კი, სჭირდება შრომა, მუშაობა, მომზადება. სამწუხაროდ, ეს სამუშაო ნაკლებადაა ჩატარებული. დიდი შეცდომა იყო ის, რომ ენერგეტიკის სამინისტო გაუქმდა“, - ამის შესახებ ორგანიზაციის - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორმა მურმან მარგველაშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, სადაც ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები მიმოიხილა.

მისი თქმით, დღეს არსებული ერთი დეპარტამენტი, სადაც კონკრეტულად ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის მიმართულებაზე მხოლოდ 2-3 ადამიანი მუშაობს, არ არის საკმარისი პარლამენტარების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენების დასარწმუნებლად, რომ რეფორმა დაჩქარდეს.

ამასთან, მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ სამინისტროს აღდგენა, თავის მხრივ, დიდ დროს მოითხოვს, რაც ამ ეტაპზე, არაა რეკომენდირებული.

ენერგეტიკის სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრისას მურმან მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნები ცდილობენ საქართველოს დაეხმარონ, მათ შორის პირველადი ინვესტიციის, ტექნიკური დახმარების და სწავლების თვალსაზრისით არსებულ ხარჯებთან დაკავშირებით.

მარგველაშვილი ასევე განმარტავს, რომ განახლებადი ენერგიის დახმარების სისტემა საქართველოში გაუმჭირვალე და გაუგებარ მემორანდუმებს უკავშირდებოდა, ევროპული კანონმდებლობა კი, გამჭირვალე, გასაგებ, საბაზრო პრინციპებსა და კონკურენციაზე დაფუძნებულ წახალისების მექანიზმს გვთავაზობს.

„ევროკავშირის მიერ გამოყოფილია 100 მლნ ევრო, ესაა საინვესტიციო, პირდაპირი, იაფი სესხი, რომელიც გათვალისწინებულია შენობების ენერგოეფექტურობაში ჩასადებად, ასევე 8,5 მლნ - გრანტის სახით, რომელთაც ჩვენ ვერ ვითვისებთ“, - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

მისი განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილი ვიზიტი ევროკავშირის გენერალური დირექტორის ერთ-ერთმა მოადგილემ კატერინა მატერნოვამ გადადო.

„საბოლოო ჯამში კი, აუთვისებელი სესხები და ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დაკარგულ რესურსს წარმოადგენს“, - აღნიშნა მარგველშვილმა.