მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მურმან მარგველაშვილი გაზის ახალ ტარიფებზე: მოჩვენებითი ტარიფები ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს

5e15f42c810d8
დავით ჯალაღონია
08.01.20 19:56
1508
"მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" ხელმძღვანელის მურმან მარგველაშვილის განმარტებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგების ხარჯზე ბუნებრივი გაზის ტარიფების შემცირებით, ტვირთი ქვეყნის ეკონომიკაზე გადადის.

"საქართველოს გაზის ბაზარი ყველაზე უფრო პრობლემატურია ჩვენს ენერგეტიკაში. ეს არის მონოპოლიური ფასი, კონკურენციის არქონა და შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციების პირდაპირი დამოკიდებულება "სოკარის" ნებაზე. ეს აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

ჩვენ სინამდვილეში, ძალიან არასწორი გზით მივდივართ, როდესაც იმის მაგივრად, რომ გავზარდოთ და რეალური ტარიფი გადავახდევინოთ მოსახლეობას, ხელოვნურად ვამცირებთ ამ ტარიფს, ტვირთი ეკონომიკაზე გადაგვაქვს, სადაც ხელფასები უნდა გაჩნდეს და ეკონომიკასაც ზიანს ვაყენებთ. აქედან გამოსავალი არის გამჭვირვალობა, კონკურენციის და თავისუფალი, დამოუკიდებელი რეგულირების დანერგვა", - განმარტა მარგველაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების" შესახებ ახალი კანონი, ახალი ბაზრის კონცეფციის ჩამოყალიბების გარეშე ძირეულად არაფერს შეცვლის.

"ეს უფრო ჩარჩო კანონია და რეალურად გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული მეორად კანონმდებლობაში. გაზის ბაზრის წესებში და კონცეფციაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული ის მექანიზმები, რომელმაც უნდა განაპირობოს კონკურენცია.

გაზის ყიდვა "გაზპრომისგან" რატომღაც ისე არის აღქმული, თითქოს ეს დანაშაული იყოს - პოლიტიკური დანაშაული ის არის, რომ ეს გაუმჭვირვალედ ხდება, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ გამჭვირვალე გავხადოთ მოლაპარაკებები როგორც "სოკართან", ისე "გაზპრომთან", შემოვიყვანოთ ისინი კონკურენტულ და არა ერთმანეთისგან იზოლირებულ ბაზრის სეგმენტებში და მაქსიმალურად მოვახდინოთ ამ გამჭვირვალობის გამოყენება იმისთვის, რომ დავიცვათ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ეკონომიკის ინტერესები, რადგან ეკონომიკა არის საფუძველი და მოჩვენებითი ტარიფები რეალურად ანგრევს როგორც ჩვენი ქვენის ეკონომიკას, ისე - ბიუჯეტს და შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, სადღაც 220-250 მლნ დოლარი არის წლიური, მიუღებელი სარგებელი, რასაც ჩვენ გავიღებთ იმისთვის, რომ ხელოვნურად ტარიფები გაზში შევამციროთ. ეს ბიუჯეტის დაახლოებით 7%-ია. ამის გაგრძელებას როდემდე შეძლებს ჩვენი სახელმწიფო, ძნელი სათქმელია, ამიტომ ამ საკითხს დროული მიხედვა სჭირდება", - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

ცნობისთვის: ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის "სოკარის" მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ბუნებრივი გაზის ტარიფში ასახვის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აღნიშნული მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ივლისამდე უნდა დასრულდეს, რადგან "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზის" აბონენტებისთვის სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფი ექვსი თვის ვადით დაადგინა, იმ პირობით, რომ დარჩენილი დროის განმავლობაში "სოკარის" ინვესტიციების ტარიფებში გათვალისწინების თემაზე შეთანხმება შედგება.

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს თანხა, რაც დროებით დამტკიცებულ ტარიფში არ აისახა, 150 მლნ აშშ დოლარია. საქართველოს მთავრობას სურს, რომ ეს $150 მლნ-იანი ინვესტიცია 2022 წლის ჩათვლით მოსახლეობას, ბუნებრივი გაზის გაზრდილ საფასურად არ დააწვეს.

შეგახსენებთ, რომ სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი სამომხმარებლო ტარიფები "თბილისი ენერჯისა", "სოკარ ჯორჯია გაზის", "საქორგგაზისა" და რამდენიმე მცირე მასშტაბის კომპანიისთვის 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა. ეს ტარიფები უმნიშვნელოდ შემცირდა. მათგან, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზის" გარდა, ყველა კომპანიისთვის სამწლიანი ტარიფი დამტკიცდა.