მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშახელის დეფიციტი და ინვესტორებთან ნაკლებად აქტიური მუშაობა - გიორგი პერტაია საინვესტიციო გარემოზე

5dee66f73284c
დავით ჯალაღონია
09.12.19 21:02
1399
2019 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 16.9%-ით შემცირდა.

FDI-ს კლების მიზეზებზე BM.GE-სთან საუბრისას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს და ზოგადად, უცხოელ ინვესტორებთან წლების განმავლობაში ნაკლებად აქტიურ მუშაობას გამოყოფს.

"ინვესტიციების შემცირება არ ხდება იმის გამო, რომ სულ რაღაც ერთი-ორი თვის წინ რაღაც ცუდი მოხდა. ეს შეიძლება, განპირობებული იყოს იმით, რომ რამდენიმე წლის წინ ნაკლები აქტივობა იყო ამ კუთხით, რადგან საკმაოდ დიდი მანძილია ინვესტორთან მოლაპარაკებების დაწყებიდან ფულის ჩადებამდე. სტატისტიკა აღრიცხავს ფულის ჩადებას და არა - გარკვეული ტიპის მოლაპარაკებებს, კვლევებს და ა.შ.

რა თქმა უნდა, FDI-ზე გაველენას ახდენს ისიც, რომ ამ ქვეყანაში არის გარკვეული ტიპის არეულობები, მაგრამ ჩვენი ხედვით და კვლევებით, ყველაზე დიდი პრობლემა გრძელვადიან ჭრილში, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მხრივ არის მუშახელი. ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალი გადასახადებია, პროცედურები მარტივია, პრინციპში, ნებისმიერი ბიზნესისთვის მთავრობის უმაღლესი ეშელონების კარი ღიაა, კომუნიკაციის პრობლემა არ არის, ანუ მთლიანობაში ქვეყანაში კარგი ბიზნეს გარემოა, მაგრამ ინვესტორების უმეტესობა საუბრობს იმაზე, რომ ძალიან რთულია პროფესიული კადრების პოვნა და აქ საუბარი არ არის იურისტსა და მენეჯერზე, აქ საუბარია კონკრეტულ სპეციალობებზე, როგორიც არის მშენებლობა, ინჟინერია და ა.შ", - განაცხადა პერტაიამ და დასძინა, რომ ამ მიმართულებით სავაჭრო-სამრეწველო პალატა მუშაობის გააქტიურებას გეგმავს.

"სავაჭრო პალატამ გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პროფესიული განათლება იქნება. წლების განმავლობაში, პროფესიული განათლების კუთხით მთავრობისა და დონორი ორგანიზაციებისგან იდებოდა ძალიან ბევრი ფული, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი ძალიან დაბალია. ისევ არაპოპულარულია პროფესიული განათლება, პრობლემაა ბიზნესის მოთხოვნებზე დაფუძნებული სწავლება. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ თავის დროზე როდესაც იქმნებოდა ეს პროექტები, აქ ბიზნესი ნაკლებად იყო ჩართული, ანუ რეალური აცდენაა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. პროფესიული სასწავლებლები უშვებენ კურსდამთავრებულებს, რომელთა აყვანა არ უნდა ბიზნესს.

ერთი ხელის მოსმით ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. სავაჭრო პალატა შეეცდება, პროფესიული განათლების ნაწილში ის ადგილი დაიკავოს, რაც მას განვითარებულ ქვეყნებში უკავია", - აღნიშნა პერტაიამ.