მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშახელის პროფესიონალიზმი, იმიგრაციის პოლიტიკა - რა უშლის ხელს საქართველოში FDI-ს მოზიდვას

5efaf65cd4d95
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.20 21:00
1159
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის გიორგი პერტაიას განცხადებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში ქვეყანას აქვს როგორც მიღწევები, ასევე გამოწვევები.

მისი შეფასებით, საინვესტიციო მიმზიდველობაზე მოქმედებს როგორც ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკა, ასევე საგარეო პოლიტიკა, სადაც საქართველო არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია.

„რეალურად გვავიწყდება რომ ინვესტორი რომელიც შვეიცარიაში ან ამერიკაში ზის და უყურებს საქართველოს, ეს არის ქვეყანა რომელიც მთლიანად კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფება რუსეთთან, მისთვის ძალიან რთული გადასაწყვეტია საქართველოში ინვესტირება. ეს მაგალითი მომყავს იმისთვის რომ აღვნიშნო, რომ არამხოლოდ ქვეყნის შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკაც არის, რომელიც ხელს გვიშლის. თუმცა, არის ამის მაგალითები იგივე ისრაელი, სადაც ინვესტიციები მიდის და ჩვენი მიზანიც ეს არის“, - განაცხადა პერტაიამ.

გიორგი პერტაიამ გამოწვევებზე საუბრისას ძირითად პრობლემებად მუშახელის კვალიფიკაცია და საიმიგრაციო პოლიტიკა გამოყო.

"რეალურად საქართველოში ბევრი იაფი მუშა ხელია. იგივე თურქეთთან შედარებით თუ ვთქვათ მასშტაბური წარმოების კონკურენციაზე ვლაპარაკობთ, საშუალო ხელფასი თურქეთში არსებული ხელფასის თითქმის ნახევარია, ამიტომ არის რომ ტექსტილის კომპანიები ნელ-ნელა ჩვენკენ გადმოდიან, მაგრამ მთლიანობაში ამ მუშახელის ხარისხი და არჩევანიც საკმაოდ დაბალია. ვფიქრობ, რომ ეს არის ის ნაწილი, სადაც მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მუშაობა უნდა გაააქტიუროს, იმიტომ რომ თავისით ეს არ განვითარდება, მიუხედავად იმისა რომ ვხედავთ მსხვილი კომპანიები თავად აფუძნებენ პროფესიული განათლების სასწავლებლებს.

მეორე - იმიგრაციის პოლიტიკაა. საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ ვის ვუშვებთ ქვეყანაში სამუშაოდ და ვის არა. გასაგებია რომ აქ არის სტერეოტიპები რომ გვინდა ქერა, ცისფერთვალება ინვესტორი და არ გვინდა სხვა ვინმე, მაგალითად არაბებზე იყო ეს პრობლემები...

მე, მაგალითად ავიღებდი მსოფლიოს ტოპ-100 უნივერსიტეტს და ვიტყოდი რომ ამ უნივერსიტეტებში თუ აქვს დიპლომი ადამიანს აღებული, მას უნდა მისცე ქვეყანაში მოქალაქეობაც, სამუშაოც და ყველაფერის უფლება“, - თქვა გიორგი პერტაიამ.