13.იანვარი .2021 22:58

მწარმოებლები პროდუქციის გაძვირებას აანონსებენ - რუსული შეზღუდვების გავლენა საქართველოზე

მწარმოებლები პროდუქციის გაძვირებას აანონსებენ - რუსული შეზღუდვების გავლენა საქართველოზე
views 684
უკან

მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები, მარცვლეულის ექსპორტზე რუსეთის მიერ დაგეგმილი შეზღუდვების გათვალისწინებით, პროდუქციის გაძვირებას აანონსებენ. კომპანია „ინვეტის“ ხელმძღვანელი bm.ge-ისთან საუბარში განმარტავს, რომ გასულ წელს მარცვლეული ისედაც საგრძნობლად გაძვირდა. 50%-60%-ით გაძვირდა შროტებიც (მზესუმზირა, სოიო), რომელსაც მეფრინველეობის დარგი საკვებად იყენებს. მისი თქმით, ოკუპანტი მეზობლის მხრიდან ახალი შეზღუდვების ამოქმედება ფასების მორიგ ზრდას გამოიწვევს.

„ასევე, ზეთზეც მოიმატა ფასმა და მივიღეთ, ჯამში, 25-30%-ით გაძვირებული პროდუქცია. რაც გაჟღერებულია რუსეთის მხრიდან, რომ სურთ კვოტები შემოიღონ მარცვლეულის იმპორტზე, იგივე ტენდენცია გაგრძელდება და საქართველოში მეცხოველეობის და მეფრინველეობის დარგში ისეთი პროდუქტები, როგორიცაა რძე, კვერცხი, ხორცი, ველოდებით, რომ პროდუქცია გაძვირდება ნედლეულთან ერთად. ერთ ტონა მარცვლეულზე ველოდებით ფასების 150 ლარის ფარგლებში ზრდას, ეს კიდევ არის პროდუქციის თვითღირებულების 15%-ით ფასის მატება“,- აცხადებს დავით შალამბერიძე.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ არსებობს ალტერნატიული ბაზრები, საიდანაც შეიძლება საქართველომ მარცვლეულის იმპორტი განახორციელოს, მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალი მაინც ადგილობრივი წარმოების განვითარებაა.

„საქართველოში არის ბევრი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც დაუმუშავებელია. სტიმულაცია შეიძლება, რომ ადგილზე მეტი მარცვლეულის წარმოება მოხდეს, ვიდრე დღეს ხდება. ამის ყველა საშუალება გვაქვს როგორც მიწის, ასევე, წყლის რესურსის მხრივ. შედეგად დავზოგავთ მილიონობით ლარს და უზრუნველვყოფთ, რომ ადგილზე წარმოებული იქნება უფრო იაფი და კონკურენტუნარიანი. უხეში გათვლებით, მთლიანად მეფრინველეობა-მეცხოველეობის დარგს, სადღაც თვეში საშუალოდ 20 ტონამდე მარცვალი სჭირდება. სასურსათო პურის ნაწილში მოხმარება 10 ათას ტონამდეა. ადგილობრივი წარმოება კი, მხოლოდ 2-3 თვის მარაგს თუ აგენერირებს, თუმცა პოტენციალი და რესურსი დიდი გვაქვს. ამას სჭირდება ტექნოლოგია, ინვესტიცია და სახელმწიფოს სტიმულირება“, - აცხადებს შალამბერიძე.

„რუსეთის მხრიდან მარცვლეულის იმპორტზე 15 თებერვლიდან მოსალოდნელი შეზღუდვები ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს ჩვენს დარგზე“, - ამბობს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პროდუქცია გაძვირდება, მოსალოდნელია, რომ რუსეთიდან ნედლეულის შემოტანაც შეფერხდეს.

„გვინდა-არ გვინდა შუამავლების საშუალებით უკვე გაძვირებული პროდუქტი უნდა ვიყიდოთ. არც ის ვიცით გზა, რომელიც რუსეთთან გვაკავშირებს საკმაოდ ხშირად იკეტება და რამდენად თავისუფალი იქნება. შეფერხება უეჭველი იქნება, გაძვირებაც უეჭველი იქნება, ეს ჩვენს ისედაც მძიმე სიტუაციას, როცა ლარიც ისე "გაქცეულია" და ტურისტიც არ ჩამოდის, დაამძიმებს. ასევე, ქვეყანაში  მარცვლეულის ცუდი მოსავალი იყო, განსაკუთრებით ხორბლის - მოკლედ, მერამდენე თავსატკივარი დაგვემატა. ეს პროცესები აისახება იმ წარმოებებში, სადაც გამოყენებულია მარცვლეული კულტურები. ეს პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება. დღეს ისედაც ყველა დარგი ან ზარალზე მუშაობს ან მცირე მარჟაზე, მარცვლეულზე ფასის გაზრდა თავისთავად გამოიწვევს ჩვენი პროდუქციის გაძვირებას, თუმცა ზრდა დამოკიდებულია ნედლეულის გაძვირებაზე. მინიმუმ 10%-12%-ით მაინც მოიმატებს, რა პროგნოზებიც კეთდება“, - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

შეგახსენებთ: რუსეთის მხრიდან დაანონსებულია, რომ 15 თებერვლიდან მარცვლეულზე კვოტირება დაწესდება. დაანონსებულია საბაჟო ტარიფების ზრდაც. მოსალოდნელი შეზღუდვები ლოგიკურია გავლენას მოახდენს საქართველოზე, რადგან ჩვენი ქვეყანა ძირითადად სწორედ რუსულ მარცვლეულზეა დამოკიდებული.

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, 2020 წლის 10 თვეში საქართველოში რუსეთიდან 97.5 მლნ დოლარის ღირებულების ხორბლისა და მესლინის იმპორტი (448.4 ათასი ტონა) განხორციელდა.

ხორბლისა და მესლინის იმპორტი რუსეთიდან:

2018 წელი- $95,8 მლნ (483,5 ათასი ტონა)
2019 წელი-$90,6 მლნ (430,2 ათასი ტონა)
2020 წლის იანვარ-ნოემბერი-$97.5 მლნ (448,4 ათასი ტონა). 

მზარდია რუსეთიდან სიმინდის იმპორტიც. მხოლოდ გასული წლის 10 თვეში საქართველომ 22,8 მლნ დოლარის ღირებულების სიმინდის იმპორტი განახორციელა, აქედან 19,3 მლნ დოლარი რუსულ სიმინდზე მოდის.

სიმინდის იმპორტი რუსეთიდან:

2018 წელი-$13,8 მლნ (76,4 ათასი ტონა)
2019 წელი-$15,8 მლნ (86,6 ათასი ტონა)
2020 წელი იანვარ-ნოემბერი-$19,3 მლნ (107,7 ათასი ტონა).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა