19.მაისი .2020 11:48

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება და საქართველო - ინტერვიუ კონცეფციის ავტორთან

views 236
უკან

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება(მგვ) - ეს არის ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც საქართველოში ახლა ინერგება. მგვ იმ რეფორმებს შორისაა, რომელთა ამოქმედებაც დროში გაჭიანურდა - სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ეს არის სისტემა, რომელიც ე.წ. სპეციფიკურ ნარჩენებს ეხება, როგორიცაა შესაფუთი მასალები, მეორადი საბურავები, ელექტრო მოწყობილობები, ზეთები და ა.შ. მისი ამოქმედების შემდეგ, მწარმოებლებს დაეკისრებათ ვალდებულება, რომ თავად იზრუნონ მათ მიერვე წარმოქმნილი ნარჩენების მართვაზე, შეაგროვონ, განაცალკევონ და მათი გადამუშავებაც უზრუნველყონ.

საქართველო უკვე წლებია ამ სისტემის დანერგვაზე მუშაობს და ცდილობს გაიზიაროს დასავლეთ ევროპის ქვეყნების წარმატებული მაგალითები. სისტემა 2019 წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ამ დრომდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანონქვემდებარე აქტებს ადგენს, რადგან სწორედ ამ დოკუმენტებმა უნდა განსაზღვროს, როგორ უნდა იმუშაოს სისტემამ: როგორ გადანაწილდეს მოვალეობები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და სპეციალურ ორგანიზაციებს(ე.წ. პიაროებს) შორის, რომლებიც კერძო სექტორის ნარჩენების შეგროვებაზე, სეპარირებასა და გადამუშავებაზე უშუალოდ იქნებიან პასუხისმგებლები.

bm.ge-მ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ თავად მის ავტორთან თომას ლინდქვისტთან ისაუბრა.

ლინდქვისტი შვედი აკადემიკოსია, რომელსაც ეკუთვნის ნარჩენების მართვის ეს კონცეფცია, რომელიც უკვე წლებია შვედეთში ეფექტურად მუშაობს. შვედი პროფესორი კიდევ ერთხელ საუბრობს ამ სისტემის სარგებელზე და კრიტიკოსებსაც პასუხობს.

- ბატონო ლინდქვისტ, მოდი, სულ თავიდან დავიწყოთ, რატომ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება მნიშვნელოვანი ქვეყნებისთვის და რას ნიშნავს ის საერთოდ?

- ყველა ჩვენგანი უამრავ ნარჩენს ქმნის და ამ ნარჩენების სწორად მართვა ყველა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ყოველდღიურად იზრდება ჩვენი მოხმარება, შესაბამისად, მეტ ნარჩენსაც წარმოვქმნით, რაც აზიანებს გარემოს და საბოლოო ჯამში ჩვენს ეკონომიკაზეც ახდენს უარყოფით გავლენას. სწორედ ამიტომ გვჭირდება პრობლემის ეფექტური გადაჭრა, რომელიც ეკონომიკურადაც გამართლებული იქნება. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება თავის დროზე აღმოჩნდა სწორი პასუხი ამ გამოწვევებზე და ყველაფერთან ერთად ეს არის სამართლიანი პასუხი, რამდენადაც მან დაადგინა, ვინ უნდა დახარჯოს ფული ნარჩენების მართვაში, როგორ უნდა დახარჯოს და ა.შ.

- და მაინც რა გზას სთავაზობთ თქვენ ამ სისტემის მონაწილეებს?

ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ამ სისტემისა არის მისი დაფინანსების სქემა. როცა თქვენ პროდუქტს ყიდულობთ, თქვენ იხდით არამხოლოდ ნედლეულის ან ტრანსპორტირების თანხას, არამედ იხდით ამ პროდუქტის ნარჩენის მენეჯმენტისთვისაც. რაც ნიშნავს, რომ მისი აღდგენა შესაძლებელია, თან ისე, რომ მოსახლეობას ცალკე ფულს აღარ სთხოვენ მუნიციპალიტეტები, ეს ყველაფერი სისტემის ნაწილია.

- თქვენ ახსენეთ ქალაქები, მუნიციპალიტეტები, მოდი, განვმარტოთ რატომ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება სარგებლიანი მათთვის?

- მოდი, ასე ვთქვათ, თუ ეს სისტემა არ გაგვაჩნია, მაშინ მუნიცპალიტეტებს თავად უწევთ ამ ტიპის ნარჩენზე ზრუნვა, მათი შეგროვება, ტრანსპორტირება და ა.შ. რასაც დღეს აკეთებენ კიდეც. და თუ ამაზე არ ვიზურუნებთ ძალიან მძიმე მდგომარეობა დადგება ჩვენს წინაშე. მუნიციპალიტეტბს დღეს უწევთ ამ ნარჩენების ტრანსპორტირება და სადმე განთავსება. ნარჩენების ნაწილის გადამუშავების შესაძლებლობა რა თქმა უნდა დღესაც არის, თუმცა, მათი დიდი ნაწილი კვლავ ნაგავსაყრელებზე რჩება. მე ვიცი, რომ საქართველოში ამ კუთხით საკმაოდ ბევრი პრობლემაა - დაბინურება, ქარს გადააქვს ნარჩენების დიდი ნაწილი. ამიტომ საჭიროა მოწესრიგებული ნაგავსაყრელები, რასაც აქვს თავისი ფასი. თუმცა, ამ შემთხვევაშიც საჭიროა რესურსების გამოყენება და მათი გადამუშავება. თუ სწორ მენეჯმენტს გააკეთებთ, გეყოლებათ ადამიანები, ვინც იზრუნებენ ნარჩენების შეგროვებაზე, მათ ტრანსპორტირებაზე და იქნებიან კომპანიები, რომლებიც ამ ნარჩენების გადამუშავებაზე იქნებიან ორიენტირებული. ეს კი საბოლოო ჯამში ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ბიზნესებს და რა თქმა უნდა ახალ შესაძლებლობებს.

- დიახ, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებას და ამბობენ, რომ მისი დანერგვა აძვირებს პროდუქციას და ეს სიმართლეც არის. მოსალოდნელია, რომ საქართველოში ამ სისტემის დანერგვის შემდეგ მაგალითად გაძვირდება არაალკოჰოლური სასმელები, რას ეტყოდით კრიტიკოსებს?

- ორი არგუმენტი გამაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველი არის ჩვენი გამოცდილება, რომელმაც აჩვენა, რომ ეფექტური სისტემის აწყობა შეგვიძლია, თუმცა, არც ისე დიდი დანახარჯებით. თუ მოვახერხებთ, რომ ეს საკითხი ადგილობრივმა ინდუსტრიებმა გადაიბარონ, შევძლებთ სარგებლის მიღებასაც. ნარჩენების მართვა და გადამუშავება დასავლეთ ევროპული ქვეყნების ეკონომიკებისთვის საკმაოდ სერიოზული ნაწილი გახდა. რაც მეტს ვმუშაობთ ამ თემაზე, უფრო იზრდება სარგებელი, რომელსაც ვიღებთ. მეორე მხრივ, დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ პროდუქტზე გაიზრდება ფასი.
მაგრამ არ გვინდა, რომ დავაზიანოთ ბუნება. არ გვინდა, რომ ადგილობრივმა თუ უცხოელმა ტურისტმა, როცა ის საქართველოში ჩამოვა, მდინარეში მოცურავე პლასტმასის ბოთლი დაინახოს ან ჰაერში მოფრიალე ქაღალდი შენიშნოს. ამ სისტემის ფასი კი არც ისე მაღალია. საქართველო ასევ ვთქვათ, მომავლის ტურისტული ქვეყანაა, მე ამას ყოველთვის ვგრძნობდი, რადგან არაერთხელ ვარ ნამყოფი თქვენს ქვეყანაში. ჩემი მოლოდინები გამართლდა და ახლა სწორედ ეს ხდება - უამრავი ადამიანი გლობალურად ინტერესდება თქვენი ქვეყნით, აფასებს რამდენად მშვენიერია და თვალწარმტაცია ის. და თუ ამ ყველაფრისთვის ხელის შეწყობას მცირედი დანახარჯი სჭირდება, ეს უნდა გააკეთოთ, სამაგიეროდ, ეს თანხა სხვა გზებით დაგიბრუნდებათ.

- საქართველო ახლა დგამს ნაბიჯებს და მიმდინარეობს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. რა იცით ამ პროცესის შესახებ და რა რჩევები გექნებოდათ ხელისუფლებისთვის?

თქვენი ქვეყანა შედის სივრცეში, სადაც არსებობს გარკვეული გამოცდიდლება, თუმცა, ეს გამოცდილება ჯერჯერობით არც ისე დიდია საქართველოში. ამიტომ, მოდი ძალიან ნუ გაართულებთ ამ პროცესს...

- რას გულისხმობთ?

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ნათელი წესების ჩამოყალიბება. კანონის საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია საჭირო, რომ კომპეტენტური ორგანიზაციები შემოიკრიბო სისტემაში, ორგანიზაციები, რომლებიც შეძლებენ მართონ ნარჩენების შეგროვება და მათი გადამუშავება. ისინი საერთაშორისო გამოცდილებას შემოიტანენ და დანერგავენ. მწარმოებლებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე ვალდებულება, თუმცა, მათ ასევე უნდა შეძლონ კანონის აღსრულება. ასევე მნიშვნელოვანია მათი მონიტორინგი. სახელმწიფოს როლი სწორედ აქ უნდა იყოს. ასევე საჭიროა, მომხმარებლების გათვიცნობიერება, რას უნდა ელოდონ ამ სისტემიდან და როგორ უნდა მოიქცნენ. სისტემის გამართულობისთვის გვჭირდება ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიებიც, ისინი თანხას ნარჩენებიდან გამოიმუშავებენ, რაც რათქმა უნდა სამართლიანია, თუმცა, ისინი არ უნდა იქცნენ ოქროს მომპოვებლებად, დიახ ეს ბიზნესია, მაგრამ გადაჭარბება არ უნდა მოხდეს.

- მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ის სისტემაა, სადაც ჩართულია როგორც ბიზნესი, ასევე ხელისუფლება. რა უნდა იყოს თითოეული მათგანის როლი ამ პროცესში?

- ხელისუფლების როლი ამ პროცესში წესების შემუშავებაა და მისი მონიტორინგია, რომ სისტემის გარეთ არ დარჩეს მოთამაშე, რომელიც რეალურად უნდა იყოს ჩართული მასში. ხოლო როდესაც ბიზნესსა და მწარმოებლებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, მათ უნდა მივცეთ საშუალება ჩამოაყალიბონ შესაბამისი ორგანიზაციები, ე.წ. პიაროები, რომელთა მეშვეობით ისინი მიაღწევენ დასახულ მიზნებს, რომლებიც კანონშია გაწერილი. სახელმწიფოს როლი განგრძობადია. მან თვალი უნდა მიადევნოს ამ პროცესს. თავდაპირველად საჭირო იქნება სიფრთხილის გამოჩენა, რადგან არ ვიცით, როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი საქართველოში, როგორი იქნება მომხმარებლის ქცევა. არსებობს სამიზნე მაჩვენებლები მწარმოებლებისთვის, რომ კონკრეტული თარიღისთვის მათი წარმოებული პროდუქციის კონკრეტული პროცენტი გადამუშავდეს. მე ნანახი მაქვს ის მიზნობრივი მაჩვენებლები, რაც საქართველოშია გაწერილი მწარმოებლებისთვის ვფიქრობ, ისინი საკმაოდ რეალისტურია. თუმცა, გრძელ ვადაში ამ მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულება გამოწვევა იქნება, ამიტომ მთავრობა მზად უნდა იყოს მათი კორექტირებისთვის და იმისთვის, რომ ისინი რეალობას დაუახლოვოს.

- ზოგადად, დაახლოებით რა დრო სჭირდება სისტემის სრულად დანერგვას ქვეყანაში? რა გამოცდილება გაქვთ თქვენ?

- ეს კითხვა რამდენიმე წლის წინ რომ დაგესვათ ჩემთვის, გეტყოდით, რომ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. თუმცა, ხანდახან რაღაცები იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე ელი. თუ გექნება მოსახლეობასთან კარგი კომუნიკაცია, მათი უმრავლესობა გაიგებს, რას სთხოვ, რაზე საუბრობ. როცა ინფრასტრუქტურას მოაწყობ, შექმნი შეგროვების ეფექტურ სისტემას, მოქალაქეებიც ჩაერთვებიან ამ სისტემაში.

- ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემაში. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა ჩადოს ინვესტიცია ამ კუთხით - ხელისუფლებამ თუ ბიზნესმა?

- ვფიქრობ, ამაშიც თანამშრომლობაა საჭირო. ხელისუფლებას უამრავი ამოცანა აქვს შესასრულებელი და როცა შესაძებელია, ის ბიზნესს უნდა დაეყრდნოს და უბრალოდ ჰქონდეს კომუნიკაცია ბიზნესთან- რა არის გასაკეთებელი, როგორც ადგილობრივი მუნციპალიტეტების, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. როცა სისტემის გამართულად მუშაობაზე ვსაუბრობთ, მოვიაზრებთ რამდენიმე წელს. თუმცა, მომართული უნდა იყოთ, რომ სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივად იზრუნოთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა