მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები 1 წლით გადავადდა“ - სოსო ფხაკაძე

60ab92198303c
BM.GE
24.05.21 15:43
1305
მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადავადება იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ბიზნესისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი განსახილველი საკითხი.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, ნინო თანდილაშვილმა და სოლომონ პავლიაშვილმა ბიზნესს გააცნეს მთავრობის გადაწყვეტილება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადავადების თაობაზე. მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აქვე დასძინა, რომ „რეფორმა არ ჩერდება და პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ამასთან, მთავრობამ გაითვალისწინა პანდემიის ფონზე ბიზნეს სექტორში არსებული გამოწვევები და ბიზნეს ასოციაციის ობიექტური თხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების გადავადებასთან დაკავშირებით“.

შესაბამისად, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ზოგიერთი ტექნიკური რეგლამენტის (მათ შორის ნარჩენი ზეთებისა და საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების, აკუმულატორებისა და ბატარეების) ამოქმედების ვადა გადავადდა 1 წლით, 2022 წლის 1 ივლისამდე.

„მივესალმებით მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სახელმწიფოსთან პროფესიული, კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით ვაღწევთ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ბიზნესის ხმის მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება ხელისუფლებისათვის და ამ რეჟიმში მუშაობა ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ასოციაცია მუდმივად ახდენს და მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური საკითხების წინ წამოწევას და მათ დაცვას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება(მგვ) - ეს არის ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც ე.წ. სპეციფიკურ ნარჩენებს ეხება, როგორიცაა შესაფუთი მასალები, მეორადი საბურავები, ელექტრო მოწყობილობები, ზეთები და ა.შ. მისი ამოქმედების შემდეგ, მწარმოებლებს დაეკისრებათ ვალდებულება, რომ თავად იზრუნონ მათ მიერვე წარმოქმნილი ნარჩენების მართვაზე, შეაგროვონ, განაცალკევონ და მათი გადამუშავებაც უზრუნველყონ. რეფორმის ასამოქმედებლად საჭირო იყო კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება, საიდანაც 4 მათგანი დამტკიცებულია, საუბარია სწორედ იმ აქტებზე, რომელთა ამოქმედება გადავადდა. მეორადი ავტომობილებისა და შესაფუთი მასალების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიღება ამ დრომდე არ მომხდარა.