მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკითხს კომიტეტზე რამდენიმე კვირაში განვიხილავთ - სონღულაშვილი

60463a04718eb
ინგა მურუსიძე
08.03.21 19:20
1114
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალი კონცეფციაა და მის დასანერგად აუცილებელია, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და საზოგადოების ცნობიერების გაზრდა იმისთვის, რომ შედეგი დადგეს. ამ მიმართულებით, საქართველოში 2017 წლიდან რამდენიმე პროექტის განხორციელება დაიწყო, მაგრამ საბოლოო შედეგი ჯერ ვერ დადგა. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რესურსად გამოყენებას გულისხმობს. ააიპ "ჯორჯია პლასის" თავმჯდომარე გივი კალანდაძე აცხადებს, რომ მწარმოებლები, დაახლოებით, ერთი თვის წინ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილს შეხვდნენ და სხვადასხვა საკითხზე მისგან პასუხებს ამ დრომდე ელიან.

თავად დავით სონღულაშვილი კი, bm.ge-ისთან საუბარში ამბობს, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა რამდენიმე კვირაში გაიმართება.

„შევხვდით არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს. ისინი სრულად აცნობიერებენ პასუხისმგებლობას, თუმცა სურთ, საკითხში ცოტა უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი და პროცესი ისე დაიგეგმოს, რომ ბიზნესს დიდ ტვირთად არ დააწვეს. ძირითადი წამყვანი აქტორები, ამ შემთხვევაში, მთავრობა და სამინისტროებია. როგორც იცით, მთავრობაში ცვლილებები მოხდა, ამიტომ დროში რეაგირება ცოტა გაგვეწელა. ვგეგმავთ რამდენიმე კვირაში მოვიწვიოთ როგორც სექტორის, ისე სამინისტროების წარმომადგენლები და საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს “, - განაცხადა სონღულაშვილმა.

უმრავლესობის წევრის თქმით, შეხვედრაზე მწარმოებლებმა გამოხატეს წუხილი იმის თაობაზე, რომ "სისტემა მოკლე დროშია ჩამოსაყალიბებელი".

„სექტორის წარმომადგენლები სრულად აცნობიერებენ, რომ მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის სისტემა არის ჩამოსაყალიბებელი, თუმცა ინდუსტრიას აქვს თხოვნა, რომ სისტემის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულნი; ასევე, ვადებიც იყოს ადეკვატური, რომ ეს ყველაფერი ტვირთად არ დააწვეს სექტორს, მით უმეტეს პანდემიის ფონზე, როცა ეკონომიკა დამძიმდა და ნებისმიერი რეგულაცია გამოწვევაა“, - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.