მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწეველთა რაოდენობის შემცირების ეფექტიანი გზა - გაიზიარებს ავსტრალია ახალი ზელანდიის გამოცდილებას?

61add7d76463c
BM.GE
06.12.21 13:20
1548
თამბაქოს მოხმარება ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ყოველწლიურად მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით 8 მილიონი ადამიანი იღუპება, მიუხედავად ამისა, მწეველთა 70% ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. ამ პრობლემასთან გამკლავებას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა განსხვავებული მიდგომებით ცდილობს. თუმცა, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ჯანმოს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2025 წლამდე მეტწილად უცვლელი დარჩება.

ახალ ზელანდიაში მწეველთა რაოდენობის კლება 2012 წლიდან შეინიშნებოდა. 2012-2015 წლებში ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 18.2%-დან 16.6%-მდე შემცირდა. 2015 წლიდან 2020 წლამდე კი - 3.2 პროცენტული პუნქტით დაეცა და 13.4%-ს გაუტოლდა. შესაბამისად, 8 წელიწადში მწეველთა რაოდენობამ 4.8 პროცენტული პუნქტით დაიკლო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ახალ ზელანდიაში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 13.7%-დან 10.9%-მდე შემცირდა. თითქმის 3%-იან კლებას ექსპერტები ახალ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირებენ, რომლის თანახმად, ახალი ზელანდიის მთავრობამ ქვეყანაში ნიკოტინის შემცველი უკვამლო მოწყობილობების ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ზელანდიის მსგავსი რეგულაციების დაწესებას ითხოვენ ავსტრალიის სამომხმარებლო მაღაზიების ასოციაცია (AACS), ავსტრალიის ლატარიისა და გაზეთების ასოციაცია (ALNA), და სასურსათო ოსტატთა ასოციაცია (MGA). ამ მიზნით ისინი ავსტრალიის მთავრობას საერთო განცხადებით მიმართავენ - წერს გამოცემა Convenience & Impulse Retailing-ი.

ავსტრალიის სამომხმარებლო მაღაზიების ასოციაციის (AACS) აღმასრულებელი დირექტორის, ტეო ფუკეარის (Theo Foukkare) თქმით, ახალი ზელანდიის მოდელი აჩვენებს, რომ ნიკოტინის შემცველ ელ. სიგარეტებსა და უკვამლო მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდის შედეგად, მომხმარებელი თავს ანებებს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას და მას თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებით ანაცვლებს.

“რაც უფრო მეტ აკრძალვას ვაწესებთ პროდუქტზე, მით უფრო მეტად იზრდება მისი შავ ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობა და ამას ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ. თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ავსტრალიაში აკრძალულია, თუმცა მათი მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს არ არსებობს რეგულაცია, რომელიც გააკონტროლებს ქვეყანაში მოწყობილობის იმპორტიორებს და იმას, თუ რას შეიცავს აღნიშნული პროდუქტი”, - ამბობს AACS-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ასოციაციების ერთობლივი განცხადების თანახმად, ორგანიზაციები მოუწოდებენ ავსტრალიის მთავრობას, დანერგოს ახალ ზელანდიაში მოქმედი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების რეგულაციების მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირებასა და მოწყობილობების ლეგალურად იმპორტის შესაძლებლობას.

“ჩვენ მოვუწოდებთ ავსტრალიის მთავრობას, დანერგოს მოდელი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პასუხისმგებლობის მქონე მოვაჭრეებს, განახორციელონ მოწყობილობის იმპორტი - ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს შავი ბაზრის მოცულობის შემცირებას და ელ. სიგარეტებისა და თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების ქვეყანაში კანონიერ შემოდინებას”, - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

დამატებითი ინფორმაცია: ავსტრალიაში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 2016 წელს 12.8% იყო. კლების ტენდენციის მიუხედავად, ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 3 წელიწადში მხოლოდ 1.2%-ით დაიკლო და 2019 წლისთვის 11.6%-ს გაუტოლდა. მწეველთა რაოდენობის კლების დაბალი ტენდენციის მიუხედავად, 2021 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ნიკოტინის შემცველი სითხეებითა და ელ. სიგარეტებით ვაჭრობაზე აკრძალვა დაწესდა და ავსტრალიაში მოწყობილობების სამედიცინო დანიშნულების გარეშე იმპორტი არალეგალური გახდა.