მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500-დან 5 000 ლარამდე გაიზრდება

6284a6fab8ae9
მარიამ ვარადაშვილი
18.05.22 12:11
505
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო რეგულაციები გამკაცრდება.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500-დან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000-დან 10 000 ლარამდე.

„რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვერ დგინდება უნებართვოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, ამ შემთხვევაში, ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი.

აღნიშნული საკანონმდებლო პროექტით, ასევე, იცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი და კატეგორიების მიხედვით, არსებული შემასწორებელი კოეფიციენტები სამმაგდება.

ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებლობის დროს ნარგავებს ჭრიან წინასწარ ან აფუჭებენ. შემდეგ მოდიან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა და არ მიეცემათ პირებს მშენებლობის უფლება, სადაც მწვანე ნარგავი წინასწარ დაზიანებული ან მოჭრილი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებითაც გამკაცრდება კანონმდებლობა. კერძოდ, თუ ექსპერტი წარმოადგენს არასწორ დასკვნას, იგი დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარასდროს გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეგულაციების დროულად ამოქმედების მიზნით, კალაძემ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს პროექტების საკრებულოსა და პარლამენტის წინაშე წარდგენა დაავალა.