მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მწვანე პასპორტის” გაუქმება რისკებთან არის დაკავშირებული, ეს შეამცირებს ვაქცინაციასაც - ივანე ჩხაიძე

61fa35b4c288a
მარიამ ვარადაშვილი
02.02.22 12:10
624
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე “მწვანე პასპორტის” გაუქმებას ეხმაურება და ამბობს, რომ დოკუმენტის მოთხოვნები არსებულ რეალობასთან შეუსაბამო იყო.

კერძოდ, ჩხაიძის თქმით, მწვანე პასპორტის უვადოდ მინიჭება მათთვის, ვინც ვირუსი გადაიტანა, სწორი არ იყო, მით უფრო ახალი შტამის ფონზე. 

“მას შემდეგ, რაც ომიკრონით გამოწვეული მე-6 ტალღა დაიწყო საქართველოში “მწვანე პასპორტის” გარკვეული დებულებები უკვე რეალობასთან შეუსაბამო იყო. ამ სისტემის ამოქმედების დღიდან გვქონდა გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით: კორონავირუსის გადატანის ფაქტი არ უნდა ყოფილიყო მისი მფლობელისთვის უვადო გარანტია, რომ ის სხვებისთვის უსაფრთხოა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ჩანაწერი, რომ ვირუსის ერთხელ გადატანა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი დაცული იყოს, რეალობას უკვე არ შეესაბამება.

ასევე არ შეესაბამება რეალობას ანტიგენის ტესტზე დაყრდნობა, ვინაიდან ომიკრონის შემთხვევაში თუ დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს, ანტიგენის ტესტი ძალიან ხშირად უარყოფით პასუხს იძლევა, რეალურად კი პაციენტი ინფიცირებულია. ასევე არ შეიძლება 72- საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ჩავთვალოთ დღევანდელი რეალობის შესაბამისად, რადგან ომიკრონი სწრაფად ვრცელდება და შედარებით ხანმოკლე საინკუბაციო პერიოდი აქვს”,-აცხადებს ჩხაიძე.

აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ “მწვანე პასპორტის” მოთხოვნები უნდა შეცვლილიყო. 

“მწვანე პასპორტის მთლიანად გაუქმების შემდეგ დახურულ სივცეში ინფექციის გავცელების რისკი უფრო მეტი იქნება. ამასთან, თუ განვიხილავთ, რომ საქართველო ჯერჯერობით პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზეა და ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, სავსებით შესაძლებელია “მწვანე პასპორტის” გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი”,-აცხადებს ჩხაიძე.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ჩხაიძე ფიქრობს, რომ აცრების ისედაც დაბალ მაჩვენებელს "მწვანე პასპორტის" სისტემის გაუქმება კიდევ უფრო შეამცირებს. 

"გახდება თუ არა ამ სისტემის გაუქმება დემოტივატორი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ აცრის სურვილი? რა თქმა უნდა - გახდება. ვინაიდან ვაქცინაციის ხელშეწყობა "მწვანე პასპორტის" ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. თუ ეს სისტემა ქვეყანაში არ მუშაობს, შესაბამისად, ხელშეწყობის ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს. ამიტომ, სავარაუდოდ, ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ვაცინაციის ისედაც დაბალ მაჩვენებელს",-ამბობს ჩხაიძე.

"მწვანე პასპორტის" გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 1 თებერვალს მიიღო.