მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მწვანე ზონის“ ინიციატივა, შესაძლოა, თავიდან ბიზნესისთვის შემაფერხებელი იყოს"

614051233a4ce
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.21 11:44
664
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე დღეს Covidpass აპლიკაციის გამოყენებისა და ბიზნეს სექტორში მწვანე ზონების შექმნის შესახებ კვების ობიექტების წარმომადგენლებს ხვდება.

„მწვანე ზონების“ ინიციატივა, თავიდან, შესაძლოა, ბიზნესისთვის შემაფერხებელი იყოს" - ასე შეაფასა შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბიზნესისთვის წარსადგენი ინიციატივა რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც "მწვანე ზონის" შექმნას და ადამიანების უსაფრთხო გარემოში ყოფნას ეფუძნება, მით უფრო მაშინ, როდესაც ის უწყებიდან მოდის, მისასალმებელია.

„ჯანდაცვის სამინისტროდან წამოსული ეს ინიციატივა ორმაგად დადებითია, რადგან დღეს ქვეყანა კოვიდ-ვითარების გამო ურთულეს მდგომარეობაშია. რესტორნებისთვის „მწვანე ზონების“ შექმნა ნებაყოფლობითი ხასიათის იქნება. ბიზნესი თავად შეხედავს რამდენად მისაღებია ეს ინიციატივა მათთვის. ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე კოვიდ-ვითარების დასაძლევად“, - განმარტა შოთა ბურჯანაძემ.

კითხვაზე - როგორია მოლოდინები და როგორ აისახება ახალი ინიციატივა ბიზნეს სუბიექტებზე, რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი აქამდეც უნდა გადადგმულიყო.

„იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბით აცრილთა რაოდენობა ძალიან დაბალია, თავდაპირველად ეს ინიციატივა ბიზნესისთვის, შესაძლოა, შემაფერხებელი იყოს, მაგრამ პირველი ნაბიჯი თუ არ გადავდგით, მას მეორე ვერ მოჰყვება. ეს ნაბიჯი უფრო ადრე უნდა გადაგვედგა, რადგან საზოგადოება ვერ იაზრებს რა საფრთხის წინაშე დგას. მას ჰგონია, რომ ეპიდემია თავისით გადაივლის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არ განვითარდება, შეიძლება შემდეგ წრეზე გადავიდეთ“, - თქვა შოთა ბურჯანაძემ.