მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე ზონის სტატუსის მოპოვების შემდეგ, რეგულაციების გარეშე მუშაობა შესაძლებელი უნდა იყოს - ბურჯანაძე

618e85d8e5f3a
მარიამ ვარადაშვილი
12.11.21 20:30
586
ჯანდაცვის სამინისტრო “მწვანე სერტიფიკატების” გაცემას აპირებს. როგორც დღეს, 12 ნოემბერს, მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ სერიტიფიკატის მიღების შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ ინფორმაცია რომელი ობიექტია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით შედარებით უსაფრთხო. თამარ გაბუნიამ BMG-ს სერტიფიკატების გაცემის კონკრეტული დრო არ უთხრა, თუმცა თქვა, რომ მალე გახდება ცნობილი.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე გვეუბნება, რომ მათაც არ იციან როდის დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტრო ამ სერტიფიკატების გაცემას. “აპლიკაციისა და ბაზის შექმნაზე როგორც ვიცი მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა როდის დასრულდება, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს”,-ამბობს ის.

ბურჯანაძეს თქმით, სერტიფიკატის მიმღებ კვების ობიექტებს დღეს არსებული რეგულაციები უნდა შეუმსუბუქდეთ. საუბარია 23:00 საათამდე მუშაობაზე, ასევე მცირე ღონისძიებების გამართვაზე  და სხვა. როგორც მან აღნიშნა, სხვა შემთხვევაში ის მწვანე სტატუსის მიღების აზრს ვერ ხედავს.

“სარესტორნო სფეროში აცრილთა ოდენობა 60%-ს აჭარბებს, თუმცა სამწუხაროდ, არ არის 80% ან 90%-იანი მაჩვენებელი. მწვანე ზონის შექმნა რესტორნებში არ გაჭირდება, მაგრამ რა არის ამ მწვანე ზონის იდეა, ეს არის პრობლემა. ამის მიზანი ის ხომ არ არის რომ უბრალოდ ვინმეს გამოკრული ჰქონდეს რომ ეს მწვანე ზონაა. მწვანე ზონისა და პასპორტის იდეა უნდა იყოს, რომ ადამიანებს, რომლებსაც დღეს გარკვეული მომსახურება შეზღუდული აქვთ, ამ შეზღუდვისგან გათავისუფლდნენ. მაგალითად, რომ მოვიპოვო მწვანე ზონის სტატუსი ჩემთვის შესაძლებელი უნდა იყოს რეგულაციების გარეშე ოპერირება. ანუ ის რაც ჩემთვის დღეს ნებადართული არ არის, ნებადართული უნდა იყოს, რადგან უსაფრთხოა ეს ზონა და შემიძლია ჩემს მომხმარებელზე ზრუნვა. მაგალითად, 00:00 საათზე მუშაობის, მცირე ღონისძიებების გამართვის უფლება, ასევე 20-30 კაციან დაბადების დღეების მასპინძლობა. თან ეს ხომ ეკონომიკაში თანხის დაბრუნების ერთ-ერთი დიდი შესაძლებლობაა”, - აცხადებს ბურჯანაძე.