14.ნოემბერი .2022 15:06

მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის ათვისება უმეტეს შემთხვევაში 90%-ია - კაკაურიძე

მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის ათვისება უმეტეს შემთხვევაში 90%-ია - კაკაურიძე
views 548
უკან

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წევრებს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

მომხსენებლის განმარტებით, 2022 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 10.2% შეადგინა. მისი თქმით, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 11.5% შეადგინა და ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 12.6 პროცენტის დონეზეა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 13 612.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 35.3 %-ით მეტია. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობას, ის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.2%-ით გაიზარდა ხოლო იმპორტი კი 30.4%-ით. მისივე თქმით, 72.9 -ით გაზრდილია ასევე, ფულადი გზავნილები.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით გაზრდილია 199.1 %-ით. ნაერთ ბიუჯეტში შემოსავლები გადაჭარბებით, 107,8%-ით არის შესრულებული.

„გადაჭარბებით შესრულებული შემოსავლები იყო იმის წინა პირობა, რის გამოც ბიუჯეტის ცვლილებების დროს გავზარდეთ საგადასახადო შემოსავლები, რომლის დიდი ნაწილი როგორც დეფიციტის შემცირებაზე ასევე, სხვადასხვა მიმართულებით ხარჯების დაფინანსების ზრდაზე მივმართეთ“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10 739 541.2 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 11 493 235.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 107.0%.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 19 171 069.0 ათასი ლარით განისაზღვრა. მომხსენებელმა მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის ათვისებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში 90%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა