მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარს დავუჭერ, საზმაუს დაფინანსების სწორი ფორმულა ჩამოყალიბდეს - კაკაურიძე

616d515978a54
მარიამ ვარადაშვილი
18.10.21 15:00
597

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების სწორი ფორმულის ჩამოყალიბებას მხარს დაუჭერს, თუმცა მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

ეს განცხადება კაკაურიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ პაატა კვიჟინაძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. "ოცნების" დეპუტატმა თქვა, რომ მაუწყებლის დაფინანსების სქემა წლების წინ შემუშავდა და ახლანდელ რეალობასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.

“ტელევიზიის დაფინანსებაზე ალბათ მე ვერ გიპასუხებთ ახლა.. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ, რომ სწორი ფორმულა ჩამოყალიბდეს. ამაზე ვიმსჯელოთ და ჩვენი მოსაზრებებიც გითხრათ. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტზეა, რადგან საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. თუმცა რა თქმა უნდა, ასეთი ყოველწლიურად გარანტირებული ზრდა იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დამოუკიდებელ ინსტიტუტებს აქვთ, ამიტომ ამ მიმართულებით შესაძლებელია ვიფიქროთ. ჩვენი მხარდაჭერა ამ კუთხით, რა თქმა უნდა, იქნება,”-განაცხადა კაკაურიძემ.

კვიჟინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე წელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტსაც გადააჭარბებს.

“ძალიან კარგი, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია ასე ფინანსდება, მაგრამ ის ფორმულა, რომელიც 10-15 წლის წინ იყო მიღებული, უკვე არალოგიკური ხდება. იმიტომ, რომ მომავალ წელს თბილისის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტზე დიდი ბიუჯეტი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებლობას. მომავალ წელს კარგი, მაგრამ 2-3 წლის შემდეგ რაღაც უაზრო ციფრებზე გავალთ. ფორმულა რომ დამოუკიდებელი იყოს, ეგ უნდა დარჩეს, თუმცა ალბათ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს რეალობასთან”.

მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 12.6 მილიონი ლარით, 81.8 მილიონ ლარამდე იზრდება.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადასაცემი საბიუჯეტო დაფინანსება საქართველოს მშპ-ის ზომაზე არის მიბმული, შესაბამისად მის ზრდას ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განაპირობებს. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის პროექტის შემუშავების პერიოდში არსებული მაკროპარამეტრების გათვალისწინებით დასაგეგმი წლის წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა.